საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო გამოეხმაურა წერილს, რომელშიც ევროპარლამენტარების ნაწილი ჟოზეფ ბორელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას ითხოვს.
სტანოს ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია კანდიდატის სტატუსის შეჩერება ტექნიკურად და ვის შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება. სტანო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, წევრი სახელმწიფოები ერთსულოვნად იღებენ.
„უპირველეს ყოვლისა, როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სხვა პარტნიორების წერილებზე. რაც შეეხება პროცედურებს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ევროკავშირის წევრების მიერ ერთსულოვნად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალური ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ. ეს ხდება ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. შემდეგ დისკუსიების საფუძველზე და იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ერთსულოვნად იღებენ წევრი სახელმწიფოები“, – აღნიშნა სტანომ.
ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს წერილით მიმართავს. წერილის ავტორები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.
კომენტარები