XX საუკუნეში, როცა ქალები კორსეტებში იყვნენ გამომწყვდეულნი და მათ ერთადერთ მოვალეობად დედობა მოიაზრებოდა, პოლონელმა ქალმა სახელად მარი სალომეა სკლადოვსკა კაცების სამყაროში თავის დამკვიდრება – მეცნიერების შესწავლა და უფრო მეტიც, სხვისთვის სწავლება გადაწყვიტა. პატარა გოგოს ეს ახირებად ჩაუთვალეს, თუმცა წლების შემდეგ ის გახდა პირველი ქალი ლექტორი სორბონის უნივერსიტეტში და სხვადასხვა დარგში ორი ნობელის პრემიის მფლობელი – 1908 წელს ფიზიკაში, 1911 წელს ქიმიაში.
ამის პარალელურად იქნება ცოლიც, დედაც, შემდეგ ქვრივი და საყვარელი.
ჩვენ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
მარი სალომეა სკლადოვსკა 1867 წლის 7 ნოემბერს ვარშავაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ჭლექმა იმსხვერპლა მისი დედა და 2 და. ასე მამის ანაბარა 4 შვილი დარჩა. 17 წლის მარიამ პარიზში გამგზავრება და ოჯახში პედაგოგად მოწყობა განიზრახა, რაზეც მამისგან ცივი უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, უფროს დასთან ერთად მაინც წავიდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, თავი სწავლისა და მეცნიერებისთვის მიეძღვნა, უაზრობად მიაჩნდა გაუთავებელი ზეიმები.
ის თავის მეგობარს სწერდა:
„აი, უკვე ერთი თვეა, რაც ზ.-ებთან ვცხოვრობ. დრო საკმაოა, რათა მივეჩვიო ახალ ადგილს. შესანიშნავი ადამიანები არიან. უფროს გოგონას, ბრონიას, უკვე დავუმეგობრდი, რაც უფრო სასიამოვნოს ხდის აქაურ ცხოვრებას. რაც შეეხება ჩემს მოსწავლე ანძიას, მალე ათი წელი შეუსრულდება, ეს დამჯერი, მაგრამ განებივრებული და თავნება ბავშვია. თუმცა, ხომ არ შეიძლება, ყველაფერი სრულყოფილად იყოს!
აქ ყველა ზარმაცობს, მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ. შენ წარმოიდგინე ჩემი ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე მკილავდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვი მეჯლისზე წასვლაზე, რადგან ჯერ არავის ვიცნობდი. აქ თურმე მეჯლისი საჭორაო ცენტრია. მე არ ვინანე, რადგან ჩემი პატრონები მეჯლისიდან მხოლოდ დღის პირველ საათზე დაბრუნდნენ; ძალიან კმაყოფილი ვიყავი, თავიდან რომ ავიცილე ასეთი გამოცდა, და ისიც იმ დროს, როდესაც თავს მაინცდამაინც ჯამრთელად ვერ ვგრძნობდი.“
ვერ წარმოედგინა, რომ ოდესმე დაქორწინდებოდა და დედა გახდებოდა.
დიდი ქორწილი არც არასდროს გადაუხდია, რადგან კაცი, რომელიც სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაიცნო, ღარიბი იყო. მას მხოლოდ ორი ველოსიპედი და უსაზღვრო ცოდნა ებადა.
საქორწინო კაბის ნაცვლად, მარიას მუქი ლურჯი კოსტუმი ეცვა, რომელსაც მოგვიანებით ლაბორატორიაში მუშაობისას იყენებდა.
ეს კაცი კი ფიზიკოსი პიერ კიური გახლდათ. მარიას გეგმები მარტო ცხოვრებასთან დაკავშირებით წარსულს ჩაბარდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა – ირენი და ევა.
მიუხედავად ამისა, მარია კორსეტში გამომწყვდეულ ქალად არ ქცეულა. ამბობენ, სახლში ავეჯიც კი არ ჰქონდათ, რადგან ქალს სახლის დალაგების დრო არ ჰქონდაო. მან მთელი ცხოვრება ურანის ნარჩენების შესწავლას მიუძღვნა. ქმართან ერთად აღმოაჩინა ორი ნივთიერება – პოლონიუმი და რადიუმი. პირველი ნობელი კიურებმა ერთად მიიღეს, მეორე კი მხოლოდ მარიას ეკუთვნოდა. ამ დროს უკვე მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო. 47 წლის პიერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
როგორც ევა იხსენებს, დედა პიერს იშვიათად ახსენებდა. ენის ბორძიკით ამბობდაო სიტყვებს „მამათქვენი“, „ჩემი ქმარი“…
მარიას ფრანგული პრესა გამუდმებით შეურაცხყოფდა მისი ათეიზმისა და წარმომავლობის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, მას სორბონაში პიერის ადგილი შესთავაზეს და როცა ქალი პირველი ლექციის წასაკითხად გამოცხადდა, დარბაზი სეირის მაყურებლებით გაივსო. ხალხი კიურის ქვრისგან ცრემლებს ელოდებოდა, თუმცა მარიამ აუღელვებლად დაიწყო ლექცია ზუსტად იმ ნაწილიდან, სადაც მისი ქმარი გაჩერდა. შემდეგ მან თავისი კანდიდატურა მეცნიერებათა აკადემიაში წარადგინა, მაგრამ კვლავ ინტრიგების მსხვერპლი გახდა და არჩევნების დღეს აკადემიის პრეზიდენტმა კარისკაცებს განუცხადა: „ყველა შემოუშვით, ქალების გარდა“.
დროისთვის შეუფერებლად თამამი, ქვრივი ქალის ირგვლივ ჭორები სწრაფად გავრცელდა. მას ქმრის ყოფილ სტუდენტთან, ახალგაზრდა ფიზიკის პოლ ლანგევინთან რომანს აბრალებდნენ. ერთი ვერსიით, ლანგევენის ცოლმა დაიქირავა ადამიანი, რომელიც მარია კიურის სახლში შეიპარა და მათი სასიყავრულო წერილები იპოვა. ამის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ: „უცხოელი ებრაელი სახლის მარადიორი“. მისი სახლის ირგვლივ ჟურნალისტების არმია იდგა, შეურაცხყოფისა და დაცინვის ობიექტად იქცა. კიური ყველამ უარყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნობელის პრემიის დაკარგვის ეჭვი გაჩნდა. მეცნიერებათა აკადემიაში იმედოვნებდნენ, რომ მარია დაჯილდოების ცერემონიალზე არ მივიდოდა.
ერთადერთი, ვინც მას ამხნევებდა, ალბერტ აინშტაინი იყო.
23 ნოემბერს აინშტაინმა მარიას სანუგეშოდ წერილი მისწერა:
„უაღრესად პატივცემულო მისის კიური,
მასხრად ნუ ამიგდებთ, რადგან გწერთ მიუხედავად იმისა, რომ რამე აზრიანის თქმა არ შემიძლია. მაგრამ იმდენად აღშფოთებული ვარ იმით, თუ როგორ ბედავს საზოგადოება თქვენს განკითხვას, რომ არ შემიძლია, ჩემი გრძნობები არ გამოვხატო.
ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მთელი ეს აჟიოტაჟი არ განაღვლებთ.
არ შემიძლია, არ გითხრათ, თუ როგორ ვეთაყვანები თქვენს ინტელექტს, მიზანდასახულობასა და პატიოსნებას და თუ რამდენად იღბლიანი ვარ, რომ პირადად გაგიცანით ბრიუსელში.
ნებისმიერი, ვანც საკუთარ თავს ამ ქვეწარმავლებს არ მიაკუთვნებს, ჭეშმარიტად ბედნიერია. ახლა, როგორც ადრე, თქვენი და ლანგევინის ნაცნობობა თავს პრივილეგირებულად მაგრძნობინებს. თუ აჟიოტაჟი კვლავ შეგაწუხებთ, უბრალოდ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ ტიტყინს, დატოვეთ ქვეწარმავლები იქ, სადაც მათი ადგილია.
ყველაზე მეგობრული პატივისცემა თქვენ, ლანგევინსა და პერინს, ჭეშმარიტად თქვენი“ა. აინშტაინი
1911 წელს მარია კიურიმ კუთვნილი ჯილდო აიღო.
მარია კიური რადიოაქტიურ ელემენტებთან დამეგობრებამ ანემიით დააავადა და 1934 წელს გარდაიცვალა.
პირველი მსოფლიო ომის წლებში უდიდესი დამსახურების მიუხედავად, მარიას საფრანგეთის მთავრობისაგან ოფიციალური მადლობა არ მიუღია. მეტიც, ომის დაწყებიდან მალევე მარიამ სურვილი გამოთქვა, თავისი ოქროს მედლები ფრანგული არმიის დასახმარებლად შეეწირა, მაგრამ საფრანგეთის ნაციონალურმა ბანკმა მას უარი უთხრა.
ევა კიური ლიტერატორი გახდა. ირენ კიურის კი, მეუღლესთან ერთად, მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში.
კომენტარები