ბავშვებს, რომლებსაც თავის ტრავმის შემდეგ ტვინის შერყევის სიმპტომები აქვთ, საკონტროლო კვლევები იშვიათად უტარდებათ. როგორც აღმოჩნდა, ამ სიმპტომების მქონე ბავშვების თითქმის მეოთხედს ტესტირება არ უტარდება, მცირეწლოვან ბავშვებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია.
მეცნიერები ამას სამომავლოდ რისკის შემცველად მიიჩნევენ. არასათანადოდ გამოკვლეულმა და ნამკურნალებმა ტვინის შერყევამ და მისმა მსგავსმა სიმპტომებმა შეიძლება მომავალში ქცევის პრობლემები გამოიწვიოს და ბავშვის საკომუნიკაციო უნარებზე უარყოფითად იმოქმედოს. შესაბამისად, ეს მეგობრების შეძენას გაართულებს – ნათქვამია კვლევაში.
მკვლევრებმა 5-დან 17 წლამდე 4269 ამერიკელი ბავშვის მონაცემები გააანალიზეს, რომელთა მშობლები კითხვარების შევსებას დათანხმდნენ. მათ ჰკითხეს ბავშვის თავის ტრავმის მიზეზებსა და ტვინის შერყევის სიმპტომების არსებობის შესახებ, რაც გონების დაკარგვით, თავის ტკივილით, ღებინებით, ბუნდოვანი ხედვით, განწყობის ან ქცევის ცვლილებებით გამოიხატებოდა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც ტვინის შერყევის ან თავის ტრავმის ნიშნები აქვთ, ორჯერ უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიის სიმპტომებს მომავალში. განწყობის ან კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად მედიკამენტების მიღების სიხშირე ასევე 70%-ით მეტი იყო. გარდა ამისა, ამ ბავშვებს 57%-ით გაზრდილი რისკი ჰქონდათ იმისა, რომ მეგობრულ ურთიერთობებს ძნელად დაამყარებდნენ. ტვინის შერყევის ეს პოტენციური შედეგები ხაზს უსვამს, რომ თავის ტრავმა ყოველთვის ზუსტად უნდა შეფასდეს და მკურნალობის შემდგომაც საკონტროლო კვლევა აუცილებელია, რათა სარწმუნდეთ, რომ ტრავმის კვალი ბოლომდე აღმოიფხვრა.
კომენტარები