
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) გამოკითხვის შედეგები არ უნდა ახარებდეს, რადგან მის მიერ დაფიქსირებული პროცენტით, ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება.
„ჩვენ რა, გვინდა რომ იმავე მდინარეში შევიდეთ? „ნაცმოძრაობა“ ხომ გუშინდელი დღეა. რა უხარიათ „ნაცებს“ ის პროცენტი? ეს ხელისუფლებაში მოსვლის პროცენტი არ არის. ესე იგი, უნდათ, რომ მუდმივად „გრუშას“ როლი შეასრულონ, ან ის უნდათ, პარლამენტში იჯდნენ, 10 000 მიიღონ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ლეიბორისტულმა პარტიამ გადაწყვიტა, ვაშინგტონის სასამართლოში შეიტანონ სარჩელი IRI-ს და NDI-ს წინააღმდეგ. ნათელაშვილის თქმით, კვლევის ავტორები მის პარტიას ჩაგრავენ, როცა 2 პროცენტს უწერენ მაშინ, როცა ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი „10 პროცენტზე დაბლა არ ეშვება“.
„პირდაპირ ვთქვათ – საქართველოში არავითარი სოციოლოგიური გამოკითხვები არ ტარდება. არის შეკვეთა, არის ფულის გადამხდელი და არის სია, ვინ უნდა დაიწეროს 1, 2, 3, 4 და მე-10 ადგილებზე. IRI თავისას აქვეყნებს, NDI თავისას, არის გორბი, მორბი და ყველაზე სამწუხარო ის გახლავთ, რომ 30 წელია, ამ რეიტინგების გამოკვლევის მსხვერპლი არის საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომელსაც არ გვქონია არასდროს იმდენი ფული, რომ ამ სვავებს გადავუხადოთ.
ჯერ რატომ უნდა გადავუხადოთ? ისედაც ვიცი, რომ ჩვენ რეიტინგი ყოველთვის გვაქვს. 10 პროცენტზე დაბლა ჩვენი რეიტინგი არ ეშვება და 10 პროცენტზე ზევით, რამდენიც გნებავთ. აი, ამ ფონზე, ეს IRI და NDI ორ პროცენტს გვიწერდნენ სულ. ამიტომ, ეს ყველაფერი ამოვიდა ყელში და ჩვენ გადავწყვიტეთ, შევიტანოთ სარჩენი IRI-ს და NDI-ს წინააღმდეგ ვაშინგტონის სასამართლოში და მოვითხოვოთ ამაზე მათი პასუხისმგებლობა. ისინი პირველ რიგში, ამერიკელ ხალხში იტეხენ სახელს, როდესაც საძულველ პოლიტიკოსებს ასახელებენ ლიდერებად და ჩვენ გვჩაგრავენ“, – ამბობს ნათელაშვილი.
ცნობისთვის, კვლევის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% – „ქართულ ოცნებას“, 13% კი „ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს. „ლეიბორისტულ პარტიას“ კი გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 2% უჭერს მხარს.
კომენტარები