ლინიკა ვივამედის კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ნადარაია გადაცემაში “იმუნიტეტი” საუბრობს, რა გართულებები დატოვა კოვიდ19-მა ჯანმრთელ და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში:
– კორონავირუსის დროს თანმხლები დაავადების მქონე პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფში იყვნენ. აღმოჩნდა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე დიდი იყო იმ პაციენტებში, ვისაც კარდიოვასკულარული დაავადებები, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდათ, ვიდრე მათში, ვისაც რესპირაციული დაავადება აღენიშნებოდათ. გარდა იმისა, რომ კორონავირუსი ფილტვებს აზიანებს, ეს პაციენტები კიდევ უფრო მეტად დამძიმდნენ, მდგომარეობა გართულდა და სიკვდილიანობა მათში უფრო მეტი იყო.
ახლა პაციენტები ყველაზე ხშირად ტაქიკარდიის, გულის ფრიალის, არითმიის ჩივილით მოდიან. მართლაც, რომ გამოვიკვლევთ, ამ ადამიანებს აღმოაჩნდებათ მძიმე არითმია, რომელიც იქამდე არ ჰქონდათ და არც სხვა ტრიგერი იყო, რომელსაც შეიძლებოდა, დაავადება გამოეწვია. ანამნეზში გვაქვს მხოლოდ კოვიდ-19… პაციენტებში, რომლებსაც სტაბილური სტენოკარდია ჰქონდათ, მკურნალობდნენ, საკმაოდ ადეკვატური დანიშნულება ჰქონდათ და კარგად უვლიდნენ თავს, მწვავე კორონალური სინდრომის შემთხვევები გახშირდა, რასაც შემდგომ უკვე ინტერვენციული ჩარევა სჭირდებოდა.
კოვიდ-19-მა შედედების ფუნქცია დაარღვია და ყველა ორგანო დააზიანა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა სისხლძარღვებზე, არტერიებზე იყო და შედეგიც ასეთი მივიღეთ. ასევე, ვირუსმა ყველა ძირითადი კარდიოვასკულარული დაავადება გაამწვავა.
პოსტკოვიდის მართვის ამოსავალი წერტილი ცხოვრების ჯანსაღ წესშია. მოწევაზე თავის დანებება, ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები, სუნთქვითი ვარჯიშები აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც გამწვავებულია. იქნება არითმია, სტენოკარდია თუ სხვა.
კომენტარები