სტატისტიკის თანახმად, მამაკაცების 80% თმის ცვენასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის, რაც ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ მდგომარეობაზე გავლენს ახდენს. თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გენეტიკური განწყობა, ჰორმონალური დისბალანსი, რკინის ნაკლებობა, ასაკი, ვიტამინ B12-ის ნაკლებობა და სტრესი იყოს.
ინდოელი დერმატოლოგი აბჰიშეკ პილანი (Dr. Abhishek Pilani) გაზეთ „Times of India“ ინტერვიუში ამბობს, რომ სიმელოტის მთავარი გამომწვევი მიზეზი სტრესია.
„განცდილი სტრესი ჩვენს ორგანიზმზე აისახება, რასაც ხშირად თან ახლავს თმის გათხელება და გაჭაღარავება“ – აღნიშნა ექსპერტმა.
დიახ, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ სტრესულ სიტუაციაში მყოფი ადამიანის თმის მოცულობა მცირდება. თუ ადამიანს ქერტლიც აწუხებს, პრობლემა შეიძლება გამწვავდეს. დერმატოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანებზე, რომლებიც დეპრესიაში ხშირად ვარდებიან.
„ზოგჯერ დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები სტრესულ სიტუაციებში თმას დიდხანს არ იბანენ, რაც საბოლოოდ თმის ცვენას იწვევს“ – განმარტა პილანიმ.
დერმატოლოგი გვირჩევს, რომ თმის ცვენის შესაჩერებლად სტრესულ სიტუაციებს მოვერიდოთ. ის დარწმუნებულია, რომ რაც უფრო უღრმავდება ადამიანი განცდებს, მით უფრო მელოტდება. პილანის თქმით, სტრესის გარდა, თმის ცვენას სველი თმის ვარცხნა და ფენის ხშირად გამოყენება იწვევს.
დერმატოლოგი გვირჩევს, რომ თმა რბილი ინგრედიენტების შემცველი შამპუნით დავიბანოთ და კვირაში ერთხელ ზეთით დავიმასაჟოთ. ეს ფოლიკულების ზრდას გაააქტიურებს.
დაბოლოს, შეგიძლიათ დაამზადოთ თმის ნიღბები სახლის პირობებში, რომლებიც თმის ცვენის შეჩერებაში დაგეხმარებათ.
1) 1 ჩ.კ. ხახვის წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის ლიმონის წვენი, 10 გრ თაფლი და იმდენი ლურჯი თიხა, რომ სქელი ნარევი მიიღოთ. ნიღაბი თმაზე წაისვით და დაახლოებით ნახევარი საათი დატოვეთ.
2) 20 გრ ოხრახუშს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ბნელ ადგილზე, 2 კვირით დატოვეთ. შემდეგ გაწურეთ და თმის ძირებში შეიზილეთ ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. ნიღაბი ერთი თვის განმავლობაში, დღეგამოშვებით უნდა შეიზილოთ.
3) ერთი კვერცხის გული, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.
4) 1 ს.კ. ალოეს წვენი, 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. ნივრის წვენი აურიეთ, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. წაისვით ნიღაბი და 20-30 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ. ამის შემდეგ თავი თბილი წყლით დაიბანეთ. ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში რამდენჯერმე გაიმეოროთ.
5) თბილი, ამჟავებული რძე თმის ძირებში შეიზილეთ და პოლიეთილენის პარკი შემოიხვიეთ. ნახევარი საათის შემდეგ რძე ლიმონის წვენით გაზავებული თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ფენის გარეშე გაიშრეთ.
კომენტარები