ბავშვისთვის თამაში საუკეთესო მასწავლებელია. სწორედ თამაში გახლავთ საუკეთესო მეთოდი იმისთვის, რომ ბავშვმა გარემომცველ სამყაროში ადაპტაცია შეძლოს და თავის დამკვიდრებისთვის საჭირო უნარები გამოიმუშავოს. მითუმეტს, თუ თამაშს შემეცნებითი დატვირთვაც აქვს, ის საუკეთესოდ წვრთნის და ავარჯიშებს სწავლისათვის საჭირო შინაგან რესურსებს. ამიტომაც არის შემეცნებით-განმავითარებელი თამაშები ბავშვისთვის ასე მნიშვნელოვანი და მთელ მსოფლიოში ამიტომ არის მათზე ძალიან დიდი მოთხოვნა. შემეცნებითი თამაშებით შეძლება ნებისმიერი რამის სწავლა გაუადვილოთ ბავშვს, იქნება ეს წერა-კითხვა თუ საბუნებისმეტყველო მოვლენები.
შემეცნებით-განმავითარებელი თამაშები ხელს უწყობენ ბავშვებში სწრაფი რეაქციების, საზრიანობის განვითარებას, ყურადღების კონცენტრირების გაძლიერებას, საგნებისა თუ მოვლენების დიფერენცირებას, თანმიმდევრულობას, დასკვნების გაკეთებას და ამ დასკვნებით საჭირო ცოდნის მიღებას.
შემეცნებით-განმავითარებელი თამაში პირველ ყოვლისა, ასაკობრივად უნდა იყოს შერჩეული. ეს გასაგებიცაა, ბავშვები ხომ სხვადასხვა ასაკში ერთმანეთისგან ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური განვითარებით განსხვავდებიან.
მაგალითად, 2 წლის ბავშვი უკვე ხედავს მცირედ განსხვავებას მეტ-ნაკლებად მსგავს სათამაშოებს შორის, ასხვავებს ფერებსა და მოცულობას – გრძელსა და მოკლეს, დიდს და პატარას, სქელს და თხელს. თამაშები, რომლებიც ასეთი განსხვავებების აღმოჩენას ითვალისწინებს, ამ ასაკის ბავშვისთვის საინტერესო და სახალისო იქნება. 3-4 წელი უკვე მარტივი კონსტრუქტორების აწყობის და როლური თამაშების ასაკია. 5 წლიდან განკუთვნილი სათამაშოები ბავშვს უკვე სასწავლო და ლოგიკური უნარების განვითარებაში ეხმარება. ხოლო შემეცნებითი სათამაშოებით, რომლებიც 6+ ასაკისთვის არის განკუთვნილი, ბავშვი აზრებისა და ყურადღების მობილიზებას ეჩვევა და უფრო რთული, საპასუხისმგებლო ამოცანების გადაწყვეტისთვის ემზადება. ამ დროს მან უკვე დამოუკიდებლად უნდა გაართვას თავი რაიმე მისიას, დააკვირდეს თავისი შესრულებული სამუშაოს შედეგებს და მათზე დაყრდნობით დასკვნები გააკეთოს. ამ დროს კარგია, როცა სათამაშოს გამოყენება თანატოლთან ერთადაც შეუძლია.
შემეცნებით-განმავითარებელი თამაშების სწავლების პრინციპი მარტივიდან რთულისკენ სწრაფვა და მოქმედების დამოუკიდებლად შესრულების უნარია. სწორედ ამ ორი პრინციპის ერთიანობა ერთდროულად რამდენიმე სარგებელს აძლევს ბავშვის ინტელექტს: პირველ რიგში ეს გონების ვარჯიში და ტვინის საკვებია ადრეული ასაკიდანვე. მარტივიდან რთულისკენ სვლა კი კარგ პირობებს ქმნის ნიჭისა განვითარებისთვის და აძლევს მოტივაციას, უკეთ და დამოუკიდებლად მიაღწიოს უმაღლეს შედეგს.
კომენტარები