სპირულინა ციანობაქტერიის სახეობაა, რომელსაც ხშირად ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს უწოდებენ. როდესაც ტბაში ან აუზში წყალი მწვანდება, ეს სწორედ ციანობაქტერიების დამსახურებაა. ჯანსაღი კვების მაღაზიებში სპირულინა ზურმუხტისფერი მწვანე ფხვნილის ან ტაბლეტების სახით იყიდება.
ეს წყალმცენარე ცილებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით იმდენად მდიდარია, რომ დედამიწაზე ყველაზე სასარგებლო ბუნებრივ პროდუქტს უწოდებენ.
სპირულინა პლანეტაზე ცილის ყველაზე მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტია!
ველურ ბუნებაში სპირულინა აფრიკისა და ცენტრალური ამერიკის ტროპიკული ქვეყნების ტუტე ტბებში გვხვდება. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ აცტეკებმაც კი იცოდნენ და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს აქტიურად მოიხმარდნენ.
მე-20 საუკუნის შუა ხანებში ევროპელმა ეთნოგრაფებმა აღმოაჩინეს, რომ ჩადის ტბის სანაპიროზე მცხოვრები კანემბუს ტომი კერძების უმეტესობაში სპირულინასგან დამზადებულ სოუსს უმატებს.
სპირულინა პლანეტაზე ცილის ყველაზე მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტია. წყალმცენარეების დაახლოებით 60% სწორედ ცილას შეადგენს. ამასთან, წყალმცენარეებში შემავალი ცილა მაღალი ხარისხისაა და ადამიანისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას შეიცავს.
1 სუფრის კოვზი სპირულინას (7 გრ) შემადგენლობაშია:
4 გრ ცილა; 1,67 გ ნახშირწყლები; 1 გ ცხიმი (ძირითადად, ჯანსაღი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 და ომეგა-6); ვიტამინი B1 – რეკომენდებული დღიური მოხმარების 11%; ვიტამინი B2 – 15%; ვიტამინი B3 – 4%; სპილენძი – 21%; რკინა – 11%; მაგნიუმი – 4%; ნატრიუმი – 3%.
სპირულინას თვისებები
სპირულინა ამცირებს ქოლესტერინს და არტერიულ წნევას, ზრდის ფიზიკურ გამძლეობას და ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს და ანთებით პროცესს.
ზრდის ამტანობას.
კვლევების თანახმად, სპირულინას მიღება სპორტსმენებს აძლიერებს და მათ გამოჯანმრთელებას აჩქარებს. ასეთი შედეგი სავარაუდოდ, წყალმცენარეების ანტიოქსიდანტურ ეფექტს უკავშირდება.
სპირულინას მიღება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას, რაც საკვები ნივთიერებების უკეთეს შეწოვას ნიშნავს. სპორტსმენებს ვარჯიშამდე სპირულინას მიღებას ურჩევენ, მისი მიღება სასურველია ვარჯიშის შემდეგაც ძალების სწრაფი აღდგენისთვის.
სპირულინა ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
სპირულინა ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა – ეს ნივთიერება სხეულს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს (დესტრუქციული ქიმიური პროცესი, რომელიც ქრონიკულ ანთებას, ნაადრევ დაბერებას, ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს და კიბოს იწვევს).
სპირულინაში შემავალი მთავარი ანტიოქსიდანტი ფიკოციანინია. სწორედ ის აძლევს სპირულინას ზურმუხტის ფერს. მას ხშირად იყენებენ საკვების საღებავად.
იცავს ქოლესტერინს დაჟანგვისგან – ოქსიდაციური სტრესი შეიძლება „ცუდმა ქოლესტერინმაც“ განიცადოს. ამ დროს, თავისუფალი რადიკალების გავლენით, ის კიდევ უფრო მავნე ხდება, რადგან ოქსისტეროლებს გამოყოფს, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებით პროცესებს.
სპირულინას უკუჩვენებები
ზოგადად, სპირულინა უსაფრთხო დანამატად ითვლება და მცირე დოზებით არავითარი უკუჩვენება არ აქვს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გულისრევა, უძილობა და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
თუმცა, მაინც უნდა იცოდეთ მისი უკუჩვენებების შესახებ:
ხშირად იწვევს ალერგიას და ზრდის ორგანიზმის რეაქციას სხვა პროდუქტებზე. ათხელებს სისხლს და შეიცავს ფენილალანინს, რომელიც საშიშია ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის (მძიმე მემკვიდრეობითი მეტაბოლური დაავადება).
გარდა ამისა, ველური სპირულინა შეიძლება ტოქსინებით დაბინძურებული იყოს. თუ წყალმცენარე მძიმე მეტალების ან მავნე ბაქტერიების შემცველ წყალში გაიზარდა, ის დამცავი შხამის – მიკროცისტინების გამომუშავებას იწყებს. მიკროცისტინებმა ადამიანებში შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიონ. სპირულინას დანამატები, რომლებიც მიკროცისტინებს შეიცავენ, იტალიაში, აშშ-სა და ჩინეთში აღმოაჩინეს.
კულტივირებული სპირულინა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ველური სპირულინა – ის გაწმენდილია და შემოწმებულია ტოქსიკურ ნივთიერებებზე.
სპირულინას მიღების წესი
75-80 კგ. წონის მქონე ზრდასრულ ადამიანს შეუძლია ყოველდღიურად 6-21 გ სპირულინა მიიღოს იმ პირობით, რომ დანამატებში მიკროცისტინების დაბალი შემცველობაა, თუმცა სპირულინას სწორი დოზის შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
კომენტარები