იცით, რომ პავლე მოციქულს აქვს თავისი ეპისტოლეები სიყვარულზე, ცოლქმრობასა თუ ბევრ საინტერესო საკითხზე.
გადაიკითხეთ რას წერს ის მეხუთე თავში ცოლისა და ქმრის ურთიერთობაზე და არა მხოლოდ.
1. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.
2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
3. ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,
4. არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად – მადლიერება.
5. რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში.
6. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე.
7. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
9. ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.
10. გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს.
11. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,
12. ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.
13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,
14. რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.
15. მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.
17. ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
19. ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.
20. მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფალი იესო ქრისტეს სახელით.
21. ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.
22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.
24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს – ყველაფერში.
25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,
27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.
28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.
29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი – ეკლესიას.
30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.
კომენტარები