სრულიად მარტო, ტყეში მგლებთან ერთად გატარებული 4 თვე და მგლები ოროთახიან ბინაში – ახლა, ალბათ, ფიქრობთ, რომელი ზღაპრიდან გიკითხავთ ამონარიდებს. სინამდვილეში, ეს არის ამბავი ზოოლოგ იასონ ბადრიძეზე, რომლის შესახებაც უცხოური მედიაც გაოცებული წერს.
ყველაფერი სტუდენტობის დროს, 1960-იან წლებში, ერთ პატარა ლაბორატორიაში დაიწყო, სადაც ძაღლების ქცევას აკვირდებოდა. იცოდა, რომ ამა თუ იმ ფაქტზე მათი რეაქცია დროთა განმავლობაში გამომუშავებული უნარების დამსახურება იყო და დაინტერესდა, როგორი იქნებოდა მათი პირველყოფილი ქცევა, როგორია გარეული ცხოველების ბუნებრივი ქმედებები.
ამ ამბიდან ორი ოცეული წლის შემდეგ 100-მდე მგლის მთელი ცხოვრება ჰქონდა შესწავლილი. თავის სახლში ზრდიდა, წვრთინდა მგლებს და სჯერა, რომ მისი გამოზრდილი მგელი სოფელს არასდროს გაეკარება. ამის დასტურად ერთი ამბავს მოჰყვა:
„ექსპერიმენტის დასასრულს მგლების ოთხი ჯგუფი გავუშვი ტყეში, ჯამში, 22 მგელი. 1979 წელს ბოლო ჯგუფი გავუშვი. თითო ჯგუფს 4 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი, სულ 16 წელი. მათ ფოლადის საყელოები შევაბი, რომლებზეც დავაწერე, რომ ვინც ამ მგელს მოკლავდა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ პრემიაზე ორჯერ მეტს გადავუხდიდი. არც ერთი საყელო ჩემამდე არ მოსულა. რომ მოეკლათ, ფულს ვინ დაკარგავდა?! ჩემ მიერ გაზრდილმა მგელებმა იცოდნენ ნადირობა და არ ეკარებოდნენ სოფელს. ნადირობდნენ კონკრეტულ სახეობაზე, გაურბოდნენ შინაურ ცხოველებს და ადამიანებს. ბოლო ჯგუფიდან, 9 წლის შემდეგ შემხვდა ერთი წყვილი. ისინი უკვე 13 წლის იყვნენ. ისტერიკა დაემართათ, რომ დამინახეს. საოცარი რამე იყო. ლამის ცრემლები მომერია. საერთოდ საოცარი გრძნობაა, როდესაც ვინმეს სიყვარულს გრძნობ, მაგრამ ცხოველი რომ იგივეს გამოხატავს შენდამი, ეს მართლაც ბედნიერებაა.“
იასონი რამდენიმე თვის განმავლობაში მგლებთან ერთად ტყეში ცხოვრობდა. სრულიად მარტომ გარეული ცხოველების „ენა“ ისწავლა და მათი რეაქციების ბუნებრიობა გამოიკვლია. მიიჩნევს, რომ მგლები ბოროტი მხეცები არ არიან, თუმცა არ უარყოფს 4 მგლის მოკვლის ფაქტს. უცნაურია, მაგრამ იასონი ამასაც საკუთარ თავს აბრალებს და ამბობს, რომ მათთან კომუნიკაციის ვერდამყარება მისი შეცდომა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მგლის ყმუილი პირველად 4 წლის ასაკში გაიგონა, ეს ხმა დღემდე ნუსხავს. პირველად მგელთან ახლოს მამამ მიიყვანა. იასონის მამა სკოლის ტრენერი იყო, დედა – მსახიობი.
ბადრიძე მათ კვალს არ გაჰყვა. სკოლის დატოვების შემდეგ, რამდენიმე წელი ავტომობილების სარემონტო ქარხანაში იმუშავა, სანამ ბიოლოგიასა და ეთიოლოგიას შეისწავლიდა. იმ პერიოდში საბჭოთა საქართველოში მგლებზე „ნადირობა“ იყო გამოცხადებული. ცხოველებს 50 მანეთად იბარებდნენ. იასონ ბადრიძემ ამ განუკითხავი ხოცვა-ჟლეტისთვის ბოლოს მოღება დაისახა მიზნად.
იასონისადმი მიძღვნილ ფილმში ქართველი ზოოლოგი ჰყვება, თუ რა მოხდა მაშინ, როცა მგლის პირისპირ პირველად აღმოჩნდა.
აშკარაა, რომ მან რეალური კავშირი დაამყარა ცხოველებთან. როგორც ინტერვიუში ამბობს, მან მგლებს ნამდვილები მეგობრების სახელები – ნიკო და მანანა დაარქვა.
2018 წელს, იასონის სტილის მიხედვით, ფოტოგრაფმა ლიზა ტეზნევამ მგლების ფოტოები გადაიღო ლაგოდეხისა და ბორჯომის ნაკრძალებში. ტეზნევას ფილმი თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იასონ ბადრიძეს უდიდესი როლი აქვს ზოოლოგიასა და ეთიოლოგიის განვითარებაში. მის კვლევებზე დაყრდნობით მუშაობა დღემდე გრძელდება.
კომენტარები