ქალმა მფრინავის ლიცენზია აიღო, რათა ქმარს ციხიდან გაქცევაში დახმარებოდა. ცოლმა, სახელად ნადინ ვოჟურიმ, პილოტის მოწმობა აიღო, რათა ქმარს, მიშელ ვოჟურის, ციხიდან გაქცევაში დახმარებოდა. მიშელს ბანკის ძარცვისა და მკვლელობის მცდელობისათვის 18-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და პარიზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.
პილოტის ლიცენზიას წინ რამდენიმეთვიანი დაკვირვება უძღოდა. პარიზში მდებარე ციხეს, დე ლა სანტეს, დაპატიმრებული მიშელი და მისი მეგობარი პიერ ერნანდესი რეგულარულად ათვალიერებდნენ. მათ საპატიმროს გეგმაც შეადგინეს, რათა ცოლს, ნადინს, ზუსტად მოეხერხებინა ვერტმფრენის დაშვება.
1986 წლის 26 მაისს, დილის 10:30 საათზე, ნადინმა ციხეს ვერტმფრენით გადაუფრინა. ლიცენზიის ასაღებად ის 6 თვე ემზადებოდა. გაფრთხილების მიუხედავად, ის საპატიმროს სახურავზე დაეშვა. წინასწარ გეგმის მიხედვით, მიშელიც და პიერიც ერთად უნდა გაქცეულიყვნენ, თუმცა ბოლო მომენტში პიერმა ვერტმფრენში ასვლა გადაიფიქრა.
ცოლ-ქმარმა სამართალდამცველებისგან თავის დაღწევა წარმატებით მოახერხა. ისინი ახლომდებარე საფეხბურთო მოედანზე დაეშვნენ. თვეების განმავლობაში ნადინიც და მიშელიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. პარალელურად, პოლიციელებმა მათი შვილი დააკავეს და დროებითი მეთვალყურეობის ქვეშ დატოვეს. საბოლოოდ, წყვილი 3 თვის შემდეგ პარიზში დააპატიმრეს. მიშელმა ციხე 2003 წელს დატოვა, რის შემდეგაც ავტობიოგრაფია დაწერა სათაურით: “სიყვარულმა ჩაძირვისგან გადამარჩინა”.
კომენტარები