ერთი წლის ასაკში აღმოჩენილი ხატვის ნიჭი და უამრავი ნამუშევარი – 32 წლის მეზღაპრე, მელექსე, მხატვარი და მეთოჯინე, არმენ ოგანესიანი უძველეს სახლში, რომლის კედლებიც 150 წელს ითვლის, დედაასთან ერთად ცხოვრობს და სახლის ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ საცხოვრებელი ხელოვან ადამიანს ეკუთვნის.
მეთოჯინე გვიყვება, რომ ძველი ნივთები ძალიან უყვარს და ზოგიერთი მისი გამოძერწილი თოჯინა სწორედ ძველი ნივთებით არის გაწყობილი.
ბოლო ათი წელია მან თოჯინების შექმნა დაიწყო და ნამუშევრებს ზღაპრების მიხედვით ან პირიქით ზღაპრებს თოჯინების მიხედვით ქმნის.
„როგორც დედა ყვება 1 წლის ასაკში დამიწყია ხატვა, ფანქრებით ოთახის კედლებზე ლამაზ თვალება, გრძელ თმიან, დედიშობილა ქალებს ვხატავდი.; რაც თავი მახსოვს ვხატავ, როცა სკოლაში დავდიოდი ვხატავდი პორტრეტებს, ბუნებას და ყველაფერს.
სკოლა შაუმიანში დავამთავრე, მერე სომხეთში წავედი, უნივერსიტეტში სასწავლებლად. პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ.
თოჯინებს ათი წელია რაც ვქმნი. ჩემი შექმნილი ერთ-ერთი პირველი თოჯინა ყარაჩოღელია, რომელიც ჩვეულენრივი გაჯით ჰავაკეთე, რადგან თიხა არ მქონდა. ახლა უკვე თიხას ვიყენებ, სამოსს კი დედა უკერავს.
ზოგადად ზღაპრების პერსონაჟებს ვქმნი, ან კიდევ თოჯინების მიხედვით ვწერ ზღაპრებს და ლექსებს. მე თბილისის სომხური თოჯინების თეატრი დავაარსე და იქ ვმუშაობ, ჩემი შექმნილი თოჯინებით“, – ამბობს ხელოვანი.
არმენ ოგანესიანმა რამდენიმე თოჯინა კორონავირუსის თემაზეც შექმნა. „ქალბატონი კორონა“, „შეყვარებული წყვილი კარანტინის დროს“, და სხვა.
ხელოვანი ამბობს, რომ ყველა თოჯინას თავისი ისტორია აქვს და თითოეული მათგანი საკუთარი შვილივით უყვარს.
„ამ ეტაპზე, ახალ თოჯინას ვქმნი, რომელსაც სახელი ჯერ არ აქვს. ზოგადად თოჯინა როგორი უნდა იყოს წინასწარ ვერ ვგეგმავ, მუშაობის პროცესში მოდის იდეები და ბოლოს სახელიც.
მსოფლიოში კორონა ვირუსის ამბები ტრიალებს და ამ თემაზე რამდენიმე თოჯინა გავაკეთე, ტელევიზორის ჩართვისას სულ კორონა ვირუსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მესმოდა. ყველა ნამუშევარში მთელ გულს და სულს ვაქსოვ, მუშაობის პროცესი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს, ეს ჩემთვია თერაპიაა, ვრთავ რომელიმე კლასიკურ კომპოზიციას და ვმუშაობ“ – ამბობს არმენი.
ოგანესიანი ფიქრობს, რომ მომავალში თოჯინების თეატრი და მუზეუმი გახსნას , რომ თავისი ნამუშევრებით ადამიანები ბავშვობაში დააბრუნოს, ხოლო ბავშვები გააბედნიეროს.
კომენტარები