რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას, რომელიც სამ მარტს გაიმართა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ის უკრაინაში ომს არ შეწყვეტს. ინფორმაციას CNN ელისეის სასახლის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ეს საუბარი არის შემთხვევა, როდესაც გავიგეთ, რომ პრეზიდენტი პუტინი სამხედრო ინტერვენციებს და მიზნამდე გზას ბოლომდე გააგრძელებს. {პუტინის გადაწყვეტილებამ} საფრანგეთის პრეზიდენტი იძულებული გახადა, მოეთხოვა სამხედრო ოპერაციების დიპლომატიური ალტერნატივა, ეთქვა სიმართლე პრეზიდენტ პუტინისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავთ მის ომს უკრაინაში და ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ყველაფერს რუსეთისთვის შედეგები ექნება“, – განაცხადა წყარომ ელისეის სასახლიდან.
ელისეის წყაროს ცნობით, პუტინმა, ასევე, უარყო კიევის დაბომბვა და გააფრთხილა მაკრონი, რომ სიტუაცია გაუარესდება, რაც, მისი თქმით, უკრაინის ბრალია.
საპასუხოდ მაკრონმა გააფრთხილა პუტინი, რომ ის უზარმაზარ შეცდომას უშვებს. მაკრონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვის მოთხოვნები უკრაინის განეიტრალებისა და განიარაღების შესახებ მიუღებელია და ამ კონფლიქტის პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება პუტინს.
წყაროს ცნობით, მაკრონმა, ასევე, თქვა, რომ ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის და დიალოგისთვის, რათა მოგვარდეს რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული სიტუაცია, თუმცა, მაკრონის აზრით, დისკუსია არ შეიძლება „რუსეთის კონტროლის ქვეშ“ წარიმართოს და ის საერთაშორისო პარტნიორების მიერ უნდა მოეწყოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს სთხოვა, პატივი სცეს უკრაინის პრეზიდენტს, მის ოჯახს, ახლობლებს, სახელმწიფო მოხელეებსა და არჩეულ წარმომადგენლებს.
კომენტარები