რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, „ერთხმად მიღებული“ გადაწყვეტილება დღეს, 29 იანვარს, გამოაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ.
რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ვლადიმირ პუტინის შტაბმა კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარმოადგინა 315 000 მხარდამჭერის ხელმოწერა. კომისიის თანახმად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, შესამოწმებლად აიღეს 60 ათასი ხელმოწერა და მათგან ხარვეზიანი აღმოჩნდა მხოლოდ 91.
პუტინმა 2023 წლის 8 დეკემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭს იყრის. 16 დეკემბერს მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის წევრებს შორის არიან კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი მუსიკოსები და მსახიობები.
ვლადიმირ პუტინი რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებული მეოთხე კანდიდატია. ამ ჩამონათვალში არიან ლიბერალ-დემოკრატი ლეონიდ სლუცკი, კომუნისტი ნიკოლაი ხარიტონოვი და პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი.
პრეზიდენტობის პრეტენდენტებს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენა თებერვლამდე შეუძლიათ.
ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატის მოწმობის მისაღებად ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო შტაბს უნდა მიმართონ.
„არის შტაბი, არის შტაბის თავმჯდომარე“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართება.
რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი 4-წლიანი ვადით.
პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
ვლადიმირ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორე ვადით კი – 2018 წელს.
2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც პუტინს კენჭისყრა შეუძლია კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.
ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.
კომენტარები