
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან, მთავრობასთან და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მსოფლიოში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტურ მოვლენებზე ისაუბრა. მან მსოფლიოში არსებულ ყველა კონფლიქტში შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა.
ასევე პუტინმა, რომელმაც 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, სადაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ასობით ბავშვი დაიღუპა, პუტინი, რომელზეც სისხლის სამართლის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის დაკავების ორდერი გამოსცა, დღეს ღაზაში მყოფი ბავშვების, ქალებისა და მოხუცების ტანჯვაზე საუბრობს.
„ჩვენ გვახსოვს, როგორ დაიწყო ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მიმდინარე რაუნდი – ტერორისტული თავდასხმით ისრაელისა და სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დამნაშავეებისა და ტერორისტების დასჯის ნაცვლად, სამწუხაროდ, მათ დაიწყეს შურისძიება კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპით. საშინელი მოვლენები, რომლებიც ახლა ხდება ღაზას სექტორში, როდესაც ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანი განურჩევლად იღუპება, რომლებსაც უბრალოდ გასაქცევი და დასამალი არსად აქვთ. როცა უყურებ დასისხლიანებულ ბავშვებს, გარდაცვლილ ბავშვებს, თუ როგორ იტანჯებიან ქალები და მოხუცები, როგორ კვდებიან ექიმები – რა თქმა უნდა, მუშტებს კრავ და ცრემლები მოგდის…
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პალესტინელების ტრაგედიის უკან და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის უკან, უკრაინის კონფლიქტის უკან და მსოფლიოში მრავალი სხვა კონფლიქტის უკან – ავღანეთში, ერაყში, სირიაში და ა.შ. შეერთებული შტატების მმართველი ელიტა და მათი „თანამგზავრები“ დგანან. ეს უკვე ყველასთვის აშკარაა. სწორედ ისინი ათავსებენ თავიანთ სამხედრო ბაზებს ყველგან, მუდმივად იყენებენ სამხედრო ძალას დროდადრო, ყოველგვარი შემთხვევის გარეშე და აგზავნიან იარაღს კონფლიქტის ზონებში. ისინი აგზავნიან ფინანსურ რესურსებს, მათ შორის უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში“, – თქვა პუტინმა.
მან კვლავ გაიმეორა, რომ მისი ქმედებები სამართლიანი, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას ემსახურება. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს მომხრეა და მისი თქმით, ეს არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების გასაღები.
„დღეს რუსეთი არა მხოლოდ აქტიურად მონაწილეობს ახალი, უფრო სამართლიანი, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებაში, თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით ყველა ქვეყნისა და ცივილიზაციისთვის. ჩვენ არა მხოლოდ ამ ობიექტური ისტორიული პროცესის ერთ-ერთი ლიდერი ვართ, არამედ მეტსაც ვიტყვი და ეს ყველამ იცის – რუსეთი იბრძვის ჩვენი მომავლისთვის, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებისთვის, ქვეყნებისა და ხალხების თავისუფლებისთვის…
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ახლო აღმოსავლეთის სიტუაციისადმი ჩვენს მიდგომებში, დასავლეთისგან განსხვავებით, არასოდეს ყოფილა პირადი ინტერესი, ინტრიგა ან ორმაგი ფსკერი. ჩვენს პოზიციას ღიად ვაცხადებთ და ის წლიდან წლამდე არ იცვლება. კონფლიქტის მოგვარების გასაღები არის სუვერენული, დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს, სრულფასოვანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ ღიად, გულწრფელად და არაერთხელ ვილაპარაკეთ ამის შესახებ, როგორც პალესტინის, ისე ისრაელის ხელმძღვანელობასთან“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები