გელათთან დაკავშირებით არავინ არ იხსნის არაფერზე პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, გელათთან დაკავშირებით მას პირადად ჰქონდა აქტიური საუბრები, კონსულტაციები, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.
„მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც უკვე დაიწყება უახლოეს დღეებში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტაძარი იყოს დაცული, მათ შორის, თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული პრობლემები შექმნილი. იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი ტაძრის გამოშრობა, დაცული იყოს ფრესკები, დაცული იყოს მთლიანობაში ტაძარი ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული საპატრიარქოსთან ერთად. მთავრობისგან იქნება ეს პროცესი მხარდაჭერილი, მათ შორის, პირველ რიგში, ფინანსურად და საპატრიარქო უზრუნველყოფს იმ სამუშაოების წარმართვას, რომლის საფუძველზე ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს ჩვენი უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები