ამერიკული პიტ ბულტერიერი ყველაზე აგრესიული ძაღლების რეიტინგის უდავო ლიდერია. ამ ჯიშის ძაღლების ყოლა, გამრავლება და გაყიდვა მსოფლიოს 53 ქვეყანაში აკრძალული ან შეზღუდულია. მოდით ერთად გავერკვეთ, რატომ აქვს პიტბულს ასეთი ცუდი რეპუტაცია.
American Pit Bull Terrier, ბევრი სხვა ჯიშის მსგავსად, სელექციით არის გამოყვანილი.
სახელწოდების მიუხედავად, პიტბულის სამშობლო არა ამერიკა, არამედ დიდი ბრიტანეთია.
მე-19 საუკუნის ევროპაში ძაღლების ჩხუბი პოპულარული გასართობი იყო, ამიტომ სელექციონერები ცდილობდნენ, შეექმნათ ძლიერი და უშიშარი ძაღლი, რომელიც დათვსაც კი შეებრძოლებოდა.
უამრავი მცდელობის შემდეგ სელექციონერებმა სასურველი ძაღლის მიღება ინგლისური ბულდოგისა და ინგლისური ტერიერის შეჯვარებით შეძლეს.
მსოფლიოში 400-მდე ძაღლის ჯიშია და ყოველი მათგანი კონკრეტული მიზნებისთვის (სამსახურებრივი, სანადირო ან დეკორატიული) შეიქმნა.
საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია (FCI) ამერიკულ პიტ ბულტერიერს, როგორც ძაღლის ჯიშს, არ აღიარებს, მაგრამ ის გაერთიანებულ კინოლოგიურ კლუბში (United Kennel Club) დარეგისტრირებულია.
კლუბი 1898 წელს პიტბულის მფლობელმა ამერიკელმა ქალბატონმა, ჩონსი ბენეტმა შექმნა მას შემდეგ, რაც მას თავისი პიტის დარეგისტრირებაზე ყველა კინოლოგიურმა კლუბმა უარი განუცხადა.
- ზრდასრული პიტბულის წონა 12-დან 50 კგ-მდე მერყეობს.
- იმის მიხედვით, თუ რომელი მშობლის გენი ჭარბობს, პიტბული შეიძლება გარეგნულად ბულდოგს ან ტერიერს ჰგავდეს.
- ამერიკული პიტ ბულტერიერი რთულად დასამორჩილებელი ძაღლია, თუმცა სწორი აღზრდის შემთხვევაში, ის ბრძანების გარეშე არასოდეს შეუტევს.
- ბევრი სხვა ჯიშის მსგავსად, პიტიც მხოლოდ ერთ პატრონს აღიარებს და მასზე უზომოდ ეჭვიანობს. მზად იყავით იმისთვის, რომ ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიძლება პრობლემები დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში ბავშვის უსაფრთხოებისთვის პატრონი შინაურ ცხოველს უნდა დაშორდეს.
- პიტბულები ძალიან კომუნიკაბელურები არიან და ბავშვებთან თამაში უყვართ, მაგრამ თუ ბავშვმა შემთხვევით ტკივილი მიაყენა, პიტბულმა შეიძლება მის მიმართ აგრესია გამოიჩინოს.
არსებობს მოსაზრება, რომ პიტბულის ყბას რაღაც „ჩამკეტი მექანიზმის“ მსგავსი აქვს და თუ მსხვერპლის სხეული კბილებში მოაქცია, მის გაშვებას ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს, თუმცა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ეს მითი გააქარწყლეს. მათი დასკვნის თანახმად:
პიტბულის ყბის სტრუქტურას რაიმე დამატებითი „ჩამკეტი მექანიზმები“ არ გააჩნია და თითქმის არ განსხვავდება სხვა ჯიშის ძაღლების ყბის აგებულებისგან.
სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით პიტბულის ხასიათზე – თუ ამ ძაღლს თავდასხმის მიზეზი აქვს, ამას განსაკუთრებული სისასტიკით გააკეთებს.
სწორედ ეს თვისება აქცევს ამერიკულ პიტ ბულტერიერს მსოფლიოში ყველაზე საშიშ ჯიშად.
კომენტარები