ახლახან, ფსიქოლოგების ერთ-ერთ ფორუმზე არნახული აქტიურობა დაფიქსირდა. განხილვის თემა ბავშვობის დროინდელი ტრავმები იყო, რომლებიც პატარაობისას საკუთარი მშობლებისგან მიიღეს. ყველა კომენტარი ერთი ტკივილით იყო გაჯერებული – დედა ან მამა ზედმეტად მკაცრად მექცეოდა და მგონი, არ ვუყვარდი.
ზოგი ადამიანი საკუთარი წარსულის შესახებ ისე ჰყვება, თითქოს ეს ვიღაც სხვას გადახდა. გარკვეული თვისებები ბევრი ტრავმირებული ადამიანის ხასიათში ჩანს, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა და სოციალური სტატუსისა, თანაც იმდენად ხშირია, რომ მათ ფსიქოლოგებმა „უსიყვარულოდ გაზრდილი ბავშვის“ პორტრეტი უწოდეს. აი, ეს თვისებებიც:
მუდმივი დანაშაულის გრძნობა
„თავს თითქმის ყოველთვის დამნაშავედ ვგრძნობდი და თითქმის ყველაფრისთვის ბოდიშის მოხდა მიწევდა:
- იმისთვის, რომ ჭამის დამთავრებისთანავე მაგიდა არ ავალაგე;
- იმისთვის, რომ საშინაო დავალებების შესასრულებლად დიდი დრო დამჭირდა;
- იმისთვის, რომ დედის დაძახება ვერ გავიგე და ასე უსასრულოდ.
მე მამაჩემის შვილი ვარ პირველი ქორწინებიდან და ვხვდები, რომ დედინაცვალი დედასავით ვერ შემიყვარებდა, მე კი თბილი დამოკიდებულება და სიყვარული მინდოდა“.
საკუთარი არსებობის გამო დანაშაულის ქრონიკული განცდა ბევრ ადამიანს ბავშვობიდან მოჰყვება და მას საკუთარი მშობლები უნერგავენ – გეჩვენება, რომ ყველგან ზედმეტი ხარ და ყველას პრობლემებს უქმნი.
როგორც წესი, ეს განცდა ნებისმიერ ურთიერთობაში იჩენს თავს. მაგალითად, ექიმთან დანიშნული ვიზიტის დროს, საკუთარი რიგის მიუხედავად, მორიდებით აკაკუნებთ კარზე და მოკრძალებით ეკითხებით – „მაპატიეთ, შეიძლება შემოსვლა?“
არა, ეს კარგი აღზრდის შედეგი არაა, როგორც ბევრს ჰგონია, ეს გაძლიერებული სოციალური შფოთვაა. ასეთი ადამიანები გამუდმებით ფიქრობენ, რომ გარშემომყოფებს მათი ქცევა არ მოსწონთ და გამუდმებით აკრიტიკებენ. ისინი ცდილობენ, ყველას ასიამოვნონ, რომ ნეგატიური დამოკიდებულება თავიდან აიცილონ.
გაძლიერებული სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებისთვის სხვების აზრი და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ყველგან ეძებენ მოწონებას, რომელიც ბავშვობაში აკლდათ.
უხმოდ ტირილის უნარი
ბავშვის ცრემლები და ხმამაღალი ტირილი ბევრ მშობელს არ მოსწონს. ალბათ გვსმენია, ზოგი მშობელი როგორ უყვირის შვილებს: „ნუ ტირი!“, „ჩუმად იტირე, ყურები მეტკინა“ და ა.შ.
მშობლებმა ხშირად არ იციან, რომ ცრემლები ბავშვს ნერვული სისტემის მოწესრიგებასა და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.
„თუ დედის ან მამის შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი, შეურაცხყოფა და ჩემი გრძნობების გაუფასურება მხოლოდ ძლიერდებოდა“ – იხსენებს ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე.
წლების მატებასთან ერთად, შეურაცხყოფილმა ბავშვებმა საკუთარი ემოციების დამალვა და უხმოდ ტირილი ისწავლეს – საყვარელი ადამიანების დაკრძალვაზეც კი.
განმარტოების სურვილი, ადამიანების მიმართ შიში და უნდობლობა
„თუ უხასიათოდ იყო, მამაჩემი ბრაზს ყოველთვის ჩემზე და ჩემს ძმაზე იყრიდა. კიბეებზე რომ ამოდიოდა, ფეხის ხმით ვხვდებოდი, სახლში რა განწყობით ბრუნდებოდა. დედა ძალიან ადრე მოგვიკვდა და იძულებული ვიყავით, მამისგან თავის დაცვა გვესწავლა. იმის ცოდნა, რომ ნებისმიერ მიზეზზე შეიძლებოდა წონასწორობა დაეკარგა, ხშირად გვეხმარებოდა, მაგრამ როგორი მორჩილებიც არ უნდა ვყოფილიყავით, რაც არ უნდა კარგად დაგვესუფთავებინა ბინა და კარგად გვესწავლა, მამაჩემი მაინც პოულობდა მიზეზს რომ ეჩხუბა.
ჩვენ ვიზრდებით, მაგრამ ჩვენ შიგნით აგრესიის მოლოდინში შიშისგან მოკუნტული ბავშვი რჩებოდა!
აგრესორებისგან თავის დასაცავად ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით, ამიტომ გამუდმებით მარტოობას ვეძებდით და ყოველ ადამიანში საფრთხეს ვხედავდით“ – წერს ფორუმის მეორე მონაწილე.
დაბალი თვითშეფასება
დაუჯერებელია, მაგრამ უამრავ ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს, არ აფასებს და კარგის ღირსად არ მიაჩნია. ეს ყველაფერი კი თვითშეფასების ნაკლებობის, ადამიანებთან ურთიერთობის სიმცირის და ბავშვობიდან მომავალი სხვა პრობლემების დამსახურებაა.
გარეგნულად ურუნველყოფილი ოჯახიც კი არ არის იმის გარანტია, რომ ამ ოჯახში ბავშვებს სიყვარულით ზრდიან. ყველაფერი, რასაც ჩვენი მშობლები ჩვენზე ამბობენ, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენი შინაგანი ხმა ხდება.
გეცნობათ?👇
- „ვინ იმეგობრებს შენთან, თუ ასეთი შტერი იქნები?
- ისეთი მოუწესრიგებელი ხარ, ნებისმიერს გააგიჟებ!
- აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ხარ და არასდროს გექნება კარგი სამსახური!“
ძალიან ხშირად ადამიანები საკუთარ მშობლებს ემსგავსებიან, თუნდაც მათ, რომლებიც ცუდად ექცეოდნენ. მათი ქცევის სცენარი, მათი ჩვევები და რეაქციები ჩვენს არაცნობიერში იმდენად მტკიცედ იწერება, რომ მშობლების კლონები ვხდებით და შვილებს ნეგატივს ახლა ჩვენ გადავცემთ.
უბრალოდ, ამის შემჩნევა გვჭირდება და ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელი იქნება.
კომენტარები