16 სექტემბერს, სკოლებში სწავლა იწყება – სკოლისთვის სამზადისი თითქმის მიწურულს მიუახლოვდა. სასწავლო დაწესებულებაში პირველად შებიჯება ბავშვისთვის, როგორც სიხარულთან, ასევე მღელვარებასთანაც ასოცირდება.
უცხო გარემო, სწავლის პროცესი, ურთიერთობა თანატოლებთან და პედაგოგებთან, გაკვეთილები, ინტელექტუალური დატვირთვა – ეს და სხვა მრავალი დეტალია, რაც მშობელმა ბავშვის სკოლაში მიყვანამდე უნდა გაითვალისწინოს.
პირველკლასელთა სამზადისის და ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობის აუცილებლობაზე, “რუსთავი 2-თან” ფსიქოლოგმა ირმა როსტომაშვილმა ისაუბრა.
“ბავშვისთვის სკოლის პირველი დღეების პოზიტიურად და სასიამოვნოდ დაწყებამ. შესაძლოა, დადებითი გავლენა მოახდინოს სწავლის მთელ შემდგომ პერიოდზე, ამიტომ მშობლებისა (მზრუნველი პირების) და მასწავლებლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, ის ხვდება მისთვის უცხო ფიზიკურ და სოციალურ გარემოში, ამას ემატება ის წესები და შეზღუდვები, რომლებიც ამ გარემოს ახლავს და ბავშვისთვის ახალია. ეს ყველაფერი მასში იწვევს შფოთვას; ამიტომ, მშობლებმა უნდა შეამზადონ ბავშვი ამ ახალი გამოცდილებისთვის.
მშობლებს ვურჩევ სწავლის დაწყებამდე ბავშვს გააცნონ სკოლა და მასწავლებლები, უმჯობესია ეს პროცესი ადრევე დაიწყოთ და არა სკოლის დაწყების წინა დღეებში: დაათვალიერებინოთ მიმდებარე ადგილები; სკოლის პირველ დღეს მას უკვე ექნება დაცულობის, ნაცნობობის განცდა, მოლოდინი, რომ იქ ელოდებიან და ზრუნავენ მასზე.
აუცილებლად ესაუბრეთ სკოლაზე წინასწარ, რის გაკეთება მოუწევს იქ, რამდენ საინტერესო რამეს ისწავლის, რამდენ კარგ მეგობარს შეიძენს და ა.შ. თუმცა, მნიშვნელოვანია არ შევუქმნათ არარეალური მოლოდინები, რათა ბავშვს ავარიდოთ ამით გამოწვეული იმედგაცრუება. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ვეტყვით ბავშვს, რომ აუცილებლად უამრავ მეგობარს შეიძენს და ძალიან კარგად იგრძნობს თავს, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ დასაწყისში ვერ დაამყაროს ისეთი მეგობრული ურთიერთობა სხვებთან, როგორსაც შევპირდით და ეს იმედგაცრუებას გამოიწვევს,” – ამბობს ფსიქოლოგი ირმა როსტომაშვილი.
კომენტარები