იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ევროპის ამა თუ იმ დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე. ცოტა ხნის წინ ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა სტრასბურგში, თუ ბრიუსელში, ჰქონდა შეხვედრები რამდენიმე თვის წინ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, ადამიანი, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია მსჯავრდებული, რომელმაც ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის სისტემა, ციხეებში კი წამების სისტემა შექმნა და რომელიც ძალადობის სიმბოლოა, გერმანიის პარლამენტში მიღებული სტუმარია, რაც ძალიან სამწუხაროა. მისივე განცხადებით, სწორედ ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაღვივებას.
„როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდადებულია რამდენიმე დანაშაულში, 4 საქმეზე არის მსჯავრდადებული, 3 საქმეზე მიდის პროცესი მის წინააღმდეგ, მათ შორის, ადამიანი მსჯავრდადებულია იმისთვის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა და სიკვდილამდე მიიყვანა. სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ ამან შემდეგ გართულებები გამოიწვია. როდესაც ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გერმანიის პარლამენტს ეხება და იქ სტუმრების ლოჟაში არის უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია და ზუსტად ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით იქნება განმარტებები – ადეიშვილი გერმანიაში ტურისტული მიზნებით იმყოფებოდა, თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა.
კომენტარები