რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „უნდა ვიპოვოთ გამბედაობა, რათა აღვმართოთ „თეთრი დროშა“. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, Reuters-მა მოიპოვა შვეიცარიული ტელეარხისთვის პაპის მიერ მიცემული ინტერვიუს ჩანაწერი, რომელიც თებერვალში შედგა და 20 მარტს უნდა გამოქვეყნდეს. ჩანაწერი შეიცავს ინტერვიუს ფრაგმენტს, სადაც პაპი პასუხობს კითხვას, სჭირდება თუ არა უკრაინას „თეთრი დროშის“ აღმართვა და რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ, ბევრის აზრით, ეს მოსკოვის აგრესიის ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.
„ეს არის ერთი ინტერპრეტაცია. მაგრამ, მე ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ისაა, ვინც სიტუაციას ობიექტურად უყურებს, ფიქრობს ხალხზე, აქვს მშვიდობის მიღწევისა და მოლაპარაკებების დაწყების გამბედაობა“, – თქვა პაპმა ფრანცისკემ და დასძინა, რომ სხვა ქვეყნების შუამავლობით მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
რომის პაპის თქმით, თურქეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი შუამავალი.
„ნუ დააყოვნებთ მოლაპარაკებებს, სანამ სიტუაცია გაუარესდება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, ომთან დაკავშირებით უმასპინძლოს მშვიდობის სამიტს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც რუსულ მხარესაც მიიწვევს.
კომენტარები