თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ გმობს ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორში და აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის.
მისი თქმით, სიტყვებით შეუძლებელია ღაზაში ჩადენილი სისასტიკის აღწერა.
„პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება მთელი მსოფლიოს თვალწინ. იბომბება საავადმყოფოები, სკოლები, მეჩეთები, ეკლესიები და ლტოლვილთა ბანაკები. ამ სისასტიკეს არავითარი გამართლება არ აქვს.
არ არსებობს შესაფერისი სიტყვა, რომელიც ამ სისასტიკეს აღწერს. 28 დღეა მიმდინარეობს დანაშაულის ჩადენა კაცობრიობის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ერდოღანი.
ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი მზადაა, დაიცვას ახლო აღმოსავლეთი დასავლური ქვეყნებისგან, რომლებიც ქრისტიანობასა და ისლამს შორის ომის გაღვივებას ცდილობენ.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
კომენტარები