ნიდერლანდებში, სუპერმარკეტების ქსელმა “ნელი სალაროები” დანერგა, რათა მოხუცებს პერსონალთან გამოლაპარაკება შეეძლოთ. Jumbo-ს 200-მდე სუპერმარკეტში ინიციატივა უკვე ამოქმედდა. იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ გზით ისინი მოხუცებს მარტოობისა და დეპრესიის დაძლევაში დაეხმარებიან. ფაქტს სოციოლოგიური კვლევები ამყარებს – ნიდერლანდებში მცხოვრები 60 წელს ზემოთ პირები ერთ-ერთ მთავარ პერსონალურ პრობლემად სწორედ მარტოობას ასახელებენ.
„რადგანაც ადამიანი სუპერმარკეტს თითქმის ყოველ დღე სტუმრობს, ვიფიქრეთ, შეგვეძლო მოგვეფიქრებინა რაღაც ისეთი, რაც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებდა. რატომაც არა, მოდით, სუპერმარკეტი, პირველ რიგში, ადამიანების შეხვედრის ადგილად ვაქციოთ”, – ამბობს Jumbo-ს აღმასრულებელი დირექტორი და განავრცობს – “როდესაც თანამშრომლებს ვაცნობეთ, რომ მათ ნაწილი ნებაყოფლობით “ნელ სალაროებთან” უნდა გადასულიყო, სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით. მზადყოფნა თითქმის ყველამ დააფიქსირა”.
მალევე იდეით ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდა. ოფიციალური პირები სხვა სექტორებსაც მოუწოდებენ, რომ მოქალაქეების კეთილდღეობისათვის პერსონალური ძალისხმევა არ დაზოგონ. ცნობისთვის, მარტოობას ხშირად “თანამედროვე ეპოქის პანდემიასაც” უწოდებენ. მასთან საბრძოლველად რამდენიმე ქვეყანაში სპეციალური სამინისტროც კი არსებობს – ასეთი, მაგალითად, იაპონიაა.
კომენტარები