გუშინ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, კანადელი რეჟისორის, ქსავიე დოლანის ახალი ფილმის, The Death and Life of John F. Donovan, პრემიერა გაიმართა.
ფილმის სიუჟეტი 8 წლის ბიჭის შესახებ მოგვითრობს, რომელიც პოპულარულ მსახიობს წერილებს სწერს.
როგორც აღმოჩნდა, დოლანის ახალი ნამუშევრის სიუჟეტი თავად რეჟისორის ბავშვობის მოგონებებს ეყრდნობა. ამის დასადასტურებლად, ქსავიემ ფილმის ჩვენებამდე მაყურებელს ის წერილი წაუკითხა, რომელიც 8 წლის ასაკში მის კუმირს, ლეონარდო დიკაპრიოს მისწერა.
“ჩემი სახელია ქსავიე დოლან-ტადროსი. ძალიან მიყვარს სკოლა. 8 წლის ვარ, 20 მარტს კი ცხრის გავხდები. მე შენი ერთ-ერთი ფანი ვარ. ფილმი ტიტანიკი ხუთჯერ ვნახე და ძალიან კარგად თამაშობ. დიდებული მსახიობი ხარ და გაღმერთებ. მე თავადაც მსახიობი ვარ, რამდენიმე რეკლამასა და ფილმში გადამიღეს. ვოცნებობ, რომ შენს რომელიმე ფილმში ვითამაშო. ვიცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად ჩამოხვალ მონტერეალში და როდესაც აქ ფილმის გადასაღებად ჩამოხვალ, აუცილებლად მოვალ კასტინგზე, რადგან დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა მსახიობი აუცილებლად დაგჭირდება.
ძვირფასო ლეონარდო, იმედი მაქვს რომ წერილზე მიპასუხებ და შენს ფოტოსაც გამომიგზავნი”, – წერს წერილში 8 წლის ქსავიე დოლანი.
რაც შეეხება დოლანის ახალ ფილმს, მთავარ როლებს კიტ ჰარინგტონი, ჯეიკობ თრამბლი, ნატალი პორტმანი, სიუზან სარანდონი და კეტი ბეიტსი ასრულებენ.
ფილმში მონაწილეობდა ჯესიკა ჩესტეინიც, მაგრამ გადაღებების დასრულების შემდეგ, ქსავიე დოლანმა მისი პერსონაჟის ყველა კადრი ფილმიდან ამოჭრა.
როგორც რეჟისორი განმარტავდა, ამის მიზეზი ფილმის ქრონომეტრაჟი იყო, რომელიც საბოლოოდ ოთხ საათზე მეტი გამოვიდა. რეჟისორი ამბობდა, რომ ეს მისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩესტეინი მას გამუდმებით გვერდში ედგა, მათ შორის ამ ფილმის გადაღებების დრო.
წყარო: On.ge
კომენტარები