მოდის კვირეულებზე გაუთვალისწინებელი ამბებიც ხდება ხოლმე. ამისგან დაზღვეული არც ნიუ-იორკის მოდის კვირეული აღმოჩნდა, რომელიც 7 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე იმართებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ერთ-ერთ ჩვენებაზე ცნობილი იუთუბერი ფრედ ბეიერი შეიპარა და მერე პოდიუმზეც გამოჩნდა. 21 წლის ფრედს, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ოინების მოწყობითაა ცნობილი, ნაგვის გამჭვირვალე პარკი ეცვა და აბაზანის ქუდი ეხურა. იუთუბერმა თითქმის მთელი პოდიუმი შესაშური თავდაჯერებით გაიარა. თუმცა, სანამ მას დაცვა შეაჩერებდა, დაუპატიჟებელი სტუმარი ვერავინ შენიშნა. მეტიც, ღონისძიებაზე დამსწრეები ნაგვის პარკში გამოწყობილ ბეიერს ინტერესით აკვირდებოდნენ და ვიდეოებსაც უღებდნენ.
თუმცა, საბოლოოდ, დაცვის თანამშრომელი ყველაფერს მიხვდა და აუდიტორიის გასაკვირად, იუთუბერი ნაჩქარევად გაიყვანა პოდიუმიდან.
ბეიერის ვიდეო კი ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა — ჯერ კიდევ მანამდე, სანამ იგი თავად ატვირთავდა მოდის კვირეულზე გადაღებულ კადრებს იუთუბიზე. სოციალურ ქსელებში მომხდარს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
„რამდენად აბსურდული გახდა ჩვენებები, რომ ყველამ ჩათვალა, ეს კოსტიუმი საპოდიუმე იყო”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ინსტაგრამზე.
„მანდ ალბათ ყველაზე ნორმალური სამოსი მას ეცვა”, – ამატებს მეორე.
თუმცა, მსოფლიოს მოდის ოთხი დედაქალაქიდან ერთ-ერთში, ნიუ-იორკში, გამართულ პრესტიჟულ ღონისძიებაზე მხოლოდ ბეიერი არ შეჭრილა. პოდიუმზე ასევე გამოჩნდნენ ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაცია PETA-ის აქტივისტები, რომლებმაც მოდის ინდუსტრიაში ნატურალური ტყავის გამოყენება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
კომენტარები