მსოფლიოს არაერთი მუზეუმი დიდ თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ შენობა, სადაც ისტორიის, ხელოვნების, ბუნების მნიშვნელოვანი არტეფაქტები ინახება, დაცული იყოს ისეთი საფრთხისგან, როგორიც ხანძარია. მიუხედავად ამისა, ისტორიაში არსებობს არაერთი მაგალითი, როგორ გაანადგურა ცეცხლმა მრავალი საუკუნის განმავლობაში შემონახული და მუზეუმებში დაცული ექსპონატები.
1865 წლის ივლისი – ხანძარი ბარნუმის ამერიკულ მუზეუმში. ის იმ დროისთვის ცნობილ ამერიკელ შოუმენს, ფინეს ტეილორ ბარნუმს ეკუთვნოდა. მუზეუმი ყველაზე დიდი პოპულარობით 1841-1865 წლებში სარგებლობდა. მას დღეში საშუალოდ 15 ათასამდე დამთვალიერებელი სტუმრობდა. მუზეუმში შესვლა 25 ცენტი ღირდა.
მისი დაწვა 1864 წლის ნოემბერში სცადეს, მაგრამ კონფედერაციულმა არმიამ შენობა გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, 1865 წლის 13 ივლისს შენობაში მაინც გააჩინეს ხანძარი. ცნობილია, რომ მუზეუმში არაერთ ყალბ არტეფაქტს ინახავდნენ, რათა დამთავლიერებლები მოეზიდათ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი „ექსპონატი“ იყო ქალთევზას ჩონჩხი. დამთვალიერებელს მუზეუმში ცხოველებისა და წყლის ბინადრების ნახვაც შეეძლოთ. ცნობილია, რომ ხანძრისას შენობის ფანჯრებიდან გარეული ცხოველები ხტებოდნენ. მუზეუმის ერთ-ერთი ბინადარი, ვეშაპი კი ხანძრისას თავის აუზში მოიხარშა. ხანძრის შემდეგ ბარნუმმა სხვაგან სცადა მუზეუმის გახსნა, მაგრამ 1868 წელს ეს შენობაც დაიწვა.
2016 წლის აპრილი – ინდოეთში, დელის ბუნების ისტორიის მუზეუმში უამრავი იშვიათი სახეობის მცენარე და ცხოველი განადგურდა ხანძრის გამო. ცეცხლი მუზეუმის მეექვსე სართულზე გაჩნდა და შემდეგ სხვა სართულებსაც მოედო. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, მუზეუმის სახანძრო უსაფრთხოების მექანიზმები არ მუშაობდა და ამიტომ ცეცხლი დროულად ვერ ჩააქრეს. მუზეუმის კოლექციაში წარმოდგენილი იყო პეპლების, ბაყაყების, გველების და ხვლიკების იშვიათი სახეობები, ასევე გადაშენების პირას მყოფი ვეფხვები და ლეოპარდები.
2018 წლის იანვარი – ინდონეზიაში დაიწვა ჯაკარტას საზღვაო მუზეუმი, სადაც ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის გემების მრავალსაუკუნოვანი მოდელები და მე-17 საუკუნის საარტილერიო დანადგარები განადგურდა.
დღეს ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხანძარი გაჩნდა. რიო-დეჟანეიროში მდებარე 200-წლიანი ისტორიული შენობის დიდი ნაწილი დაიწვა.
კომენტარები