კეთილსინდისიერი მოსამართლე ვარ, მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, „ვეტინგის“ სისტემა, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, სასამართლოს დაქვემდებარებას ისახავს მიზნად.
მურუსიძის თქმით,მ ე.წ. „ვეტინგი“ კეთილსინდისიერებას არ ეხება.
„მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. ხორციელდება პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია. ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად რომ ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ, რომ დაექვემდებარონ სასამართლო.
ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოსწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე და აქ „ვეტინგთან“ დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკა გვაქვს ალბანეთში და უკრაინაში და ახლა ხორციელდება მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების მიხედვით, რაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რეალურად, მოხდა, ფაქტობრივად, სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.
ინფორმაციისთვის, „ვეტინგი“ ერთჯერადი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება. „ნაციონალური მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება, რომლის თანახმადაც სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე უნდა მოხდეს.
კომენტარები