მე-19 საუკუნის შუა წლებში ფოტოგრაფიას თითქმის ზებუნებრივ მოვლენად აღიქვამდნენ. ფოტოატელიეში ვიზიტისთვის ადამიანები საგანგებოდ ემზადებოდნენ და ფულის დაგროვებას დიდი ხნით ადრე იწყებდნენ.
იტალიელი გრაფინია ვირჯინია დი კასტილიონე, ფაქტობრივად, მსოფლიოში პირველი ფოტომოდელი გახდა. ქალი იმდენად გატაცებული იყო საკუთარი თავითა და გარეგნობით, რომ შთამომავლობას იმ დროისთვის წარმოუდგენელი რაოდენობის – 400 ფოტო დაუტოვა.
ვირჯინია ოლდოინი ფლორენციაში დაიბადა. 17 წლის იყო, როცა გრაფ ფრანჩესკო დი კასტილიონეს ცოლად გაჰყვა. სამი წლის შემდეგ, ცოლ-ქმარი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.
ქმართან ერთად პარიზში გადასულმა ვირჯინიამ იტალიის პრემიერ-მინისტრ ბენსო დი კავურასგან, რომელიც მისი ბიძაშვილი გახლდათ, საიდუმლო დავალება მიიღო – მას ნაპოლეონ III-ის მოხიბვლა და იმაში დარწმუნება უნდა მოეხერხებინა, რომ იტალიის გაერთიანებისთვის ხელი არ შეეშალა.
გრაფინიამ სასახლეში გამოჩენისთანავე მიიპყრო იმპერატორის ყურადღება და მისი ფავორიტიც გახდა. შესაბამისად, ბიძაშვილის დავალების შესრულება არ გასჭირვებია.
ნაპოლეონის კეთილგანწყობამ პარიზის ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონს მაღალი საზოგადოებისკენ გზა გაუხსნა. გრაფინია დი კასტილიონე სიამოვნებით ისმენდა კომპლიმენტებს და მისი პატივმოყვარეობა დღითი დღე იზრდებოდა.
ფოტოგრაფია ვირჯინია დი კასტილიონეს ნამდვილ გატაცებად იქცა. ქალი ხშირად პოზირებდა საიმპერატორო კარის ფოტოგრაფ პიერ-ლუი პიერსონთან და ყოველი ფოტოსთვის სიუჟეტსა და სცენარს დგამდა.
რასაც ვირჯინია აკეთებდა, მანამდე არავის გაუკეთებია: თეატრალური კოსტიუმები, დეკორაციები, ვნებიანი მზერა და… მის ფოტოებს უდიდესი წარმატება ჰქონდა.
პარიზელი არისტოკრატი ქალები ამპარტავან გრაფინიასთან არ მეგობრობდნენ, თუმცა მისი შურდათ და ცდილობდნენ, პიერ-ლუი პიერსონთან ფოტოების გადაღებით მიებაძათ.
ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ მეუღლე გრაფინიას ეჭვიანობისა და ფოტოგრაფიის მიმართ გადაჭარბებული ინტერესის გამო გაშორდა. ვირჯინიამ ქმარი თითქმის გააკოტრა, რადგან ფოტოსესიებში უზარმაზარ ფულს ხარჯავდა.
ვირჯინია დი კასტილიონე საკუთარ გარეგნობაზე იმდენად შეყვარებული და დამოკიდებული გახდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს გაერიდა და თავის ციხე-კოშკში ჩაიკეტა. ქალმა ყველა სარკე გააქრო და სახლის კედლები შავად შეღება. იმის შიშით, რომ ვინმე მის დაბერებულ სახეს დაინახავდა, ვირჯინია ქუჩაში მხოლოდ ღამე გამოდიოდა.
ფოტომოდელობა პოპულარული მხოლოდ გრაფინიას გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ გახდა. დღეს ფოტოსესიებით უზარმაზარი ფულის შოვნაა შესაძლებელი, უბრალოდ, გრაფინიას დროში არ გაუმართლა…
კომენტარები