იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან პატიმრების გაქცევას ეხმაურება და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად მუშაობენ იმისთვის, რომ პატიმრები საკნებში დაბრუნდნენ.
ამასთან, როგორც რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, ასევე დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
რატი ბრეგაძე გაქცეული პატიმრების ახლობლებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და არ დაეხმარონ მათ მიმალვაში.
„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მოვუწოდებ გაქცეულ პატიმრებს, რომ დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება.
ასევე, მოვუწოდებ მათი ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომლებსაც შეიძლება მათთან ჰქონდეთ კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული და შესაბამისად, თუ კი ვინმე შეუწყობს ხელს მათ მიმალვაში, რა თქმა უნდა, იქნება კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი”, – ამბობს ბრეგაძე.
ტარდება ყველა სახის ღონისძიება, რომ ეს ადამიანები დროულად დავაკავოთ და არ წარმოადგინონ საფრთხე საზოგადოებისთვის. არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში, თუმცა, დგება პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული და ასევე, თუ კი რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობა ამ თანამშრომლებისთვისაც“, – ამბობს რატი ბრეგაძე.
რატი ბრეგაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გატაცებულია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი.
„სრული ტყუილია, არავითარი პენიტენციურის თანამშრომელი არ არის გატაცებული“, – ამბობს რატი ბრეგაძე.
შეგახსენებთ, გაქცევა მოახერხა სამმა პატიმარმა, რომელიც ბადრაგს ავერსის კლინიკაში „კატეს“ გადასაღებად ჰყავდათ მიყვანილი.
კომენტარები