ბრაზილიური სატელევიზიო სერიალის „მონა იზაურას“ გამოსვლიდან თითქმის 35 წელი გავიდა. სერიალი ტელეეკრანებზე პირველად 1988 წელს გამოჩნდა. ის ბრაზილიელი მწერლის ბერნარდა გიმარაეშის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც 1875 წელს გამოქვეყნდა.
სერიალი პორტუგალიელი ლორდისა და მონის ქალიშვილის იზაურას თავგადასავალს გვიამბობს. იზაურა, ფაქტობრივად, ყავის პლანტაციაში გაიზარდა. გოგონა იძულებულია თავისი ბატონების გამუდმებული დამცირება აიტანოს. ამასთან, შეყვარებულია მამაკაცზე, რომელზედაც თავისი სტატუსის გამო ვერასოდეს დაქორწინდება.
სერიალი გვიყვება თავისუფლებაზე მეოცნებე მონა ქალის ტრაგიკულ ცხოვრებას, რომელიც ყველანაირად ცდილობს ადამიანური ღირსება შეინარჩუნოს.
„მონა იზაურა“ ერთ-ერთი პირველი ბრაზილიური სერიალია, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში გავიდა და მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
***
ლუსელია სანტოსი (Lucélia Santos) ახალგაზრდა და ყველასთვის უცნობი მსახიობი იყო, მაგრამ იზაურას როლმა ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანად აქცია.
ლუსელია 1957 წლის 20 მაისს სან პაულოში დაიბადა. ბავშვობაში გოგონა მოცეკვავის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ 14 წლის ასაკში მსახიობობა გადაწყვიტა.
ლუსელია მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც იზაურას როლი მიიღო. “Escrava Isaura”-ის შემდეგ კიდევ ბევრ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში ითამაშა, თუმცა იზაურას მისი ყველაზე წარმატებული როლია.
გარდა ამისა, ლუსელიამ ძალები რეჟისორობაში, პროდიუსერობასა და სცენარისტობაშიც მოსინჯა და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ბოლო წლებში უმეტესად თეატრის სცენაზე გამოდის.
***
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ლუსელია 20 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო ბრაზილიელ დირიჟორზე ჯონ ნეშლინგზე, რომლისგანაც ვაჟი პედრო შეეძინა.
დღეს ცოლ-ქმარი ერთად აღარ არის, თუმცა ბრაზილიაში ორივე პოპულარული ადამიანია და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
პედრო ნეშლინგიც დღეს ბრაზილიაში პოპულარული მსახიობია. პედროს ჰყავს ცოლი და ერთი შვილი კაროლინა.
ლუსელია 30 წელზე მეტია, იოგას მიმდევრია, ვეგეტარიანელია და შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს. ის ქველმოქმედია, ეხმარება ბავშვებს, ასევე ბუნების აქტივისტი და ცხოველთა უფლებების დამცველია და ხშირად სხვადასხვა კონფერენციაზე სიტყვით გამოდის.
ამჟამად სანტოსი კინოსა და ტელევიზიაში მუშაობას აგრძელებს, ასევე აქტიურად მონაწილეობს ბრაზილიის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და სოციალური აქტივობის წყალობით „მონა ქალი“ ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი პიროვნებაა.
კომენტარები