ამერიკელმა ფსიქოლოგებმა საზოგადოებას ინოვაციური ციხის მოდელი წარუდგინეს, რომელიც სასჯელის არსს მთლიანად ცვლის. Daily Mail-ის ინფორმაციით, პროექტი Cognify მიზნად დამნაშავის ტვინში მოგონებების ჩანერგვას ისახავს. ეს მოგონებები დამნაშავეს აიძულებს დანაშაული მსხვერპლის თვალით დაინახოს და საკუთარი ქმედების შედეგები სრულად შეიგრძნოს.
Cognify ვირტუალური რეალობის მსგავს მოწყობილობას მოიცავს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ დანაშაულის კადრებს ასახავს. ამ მოწყობილობის პარალელურად, დამნაშავის ტვინში მოხდება იმპლანტის ჩადგმა, რომელიც ისეთ ემოციებს აღძრავს, როგორიცაა მონანიება და სინანული, რაც დამნაშავეს აიძულებს საკუთარი ქმედება სრულად გააცნობიეროს.
მეცნიერთა მიერ შემუშავებული კონცეფციის მიზანი გრძელვადიანი თერაპიული ეფექტია. იმპლანტირებული მეხსიერების ტვინის ნერვულ ქსელებთან დაკავშირება, მის რეალურად აღქმას უზრუნველყოფს.
ზოგადად მიღებულია, რომ სასჯელაღსრულბის დაწესებულებები ხელახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის იქმნება, თუმცა კვლევები გვაჩვენებს, რომ ყოველთვის ასე არ ხდება. Cognify-ის ახალი მიდგომა დამნაშავეებს საშუალებას აძლევს ვირტუალური ზემოქმედების დროს საკუთარი წარსულიდან დასკვნა გამოიტანონ, რომელიც წლების განმავლობაში ემახსოვრებათ.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნურად გამოწვეული მოგონებები არა მარტო ვიზუალურ ელემენტებს, არამედ მსხვერპლთა მიერ განცდილი ტკივილისა და ტანჯვის ფიზიკურ შეგრძნებებსაც მოიცავს.
მეცნიერები ამბობენ, რომ Cognify-ს შეუძლია ხანგრძლივი პატიმრობის და მასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებით სისხლის სამართლის სისტემაში რევოლუცია მოახდინოს. მეცნიერთა მიერ შემოთავაზებული მომავლის ციხე არა მხოლოდ დამნაშავეების ცხოვრების შეცვლას, არამედ მთელი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმას გვპირდება, რაც მას უფრო ეფექტურ და ჰუმანურს გახდის.
კომენტარები