საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტურნირში მომდევნო დაპირისპირება უკრაინასთან უწევს. უკრაინელმა სპეციალისტმა ივან ბალანმა ეროვნულ ნაკრები დაახასიათა და განაცხადა, რომ ჯგუფის ლიდერია.
„საქართველოს ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში უცნაური არაფერია. დიახ, საქართველომ ორ მატჩში 6 ქულა მოიპოვა და ჯგუფს ლიდერობს, რაც ამ გუნდში კარგი ფეხბურთელების ყოფნით აიხსნება, რომლებიც კოლექტიურ თამაშს აჩვენებენ.
აშკარაა, უკრაინის მომავალ მეტოქეს ფეხბურთის თამაში შეუძლია. მას ჰყავს ლიდერები, რომელთა შორის არის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ვალენსიას ღირსებას იცავს. ის ყველა თამაშში ახერხებს საქართველოს ნაკრების გადარჩენას. თუნდაც ბოლო მატჩში ალბანეთთან, საწყის წუთებში ისეთი ბურთი მოიგერია, 100%-იან გოლს ჰგავდა. რომ არა მამარდაშვილის სეივი, გაშვებული გოლის შემდეგ, ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართებოდა ის თამაში.
საქართველოს ნაკრებში, გარდა გოლკიპერისა, არის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია. შეიძლება ითქვას, ეს ფეხბურთელები ქაჩავენ გუნდს. კვარაცხელიამ, რომელიც „ნაპოლის“ წამყვანი მოთამაშეა, პირველ მატჩში ჩეხეთთან გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა, კიდევ ერთ გოლში კი მონაწილეობა მიიღო. ის კარგი იყო ალბანეთთან თამაშშიც.
საქართველოს ნაკრების დახასიათებისას, პირველ რიგში, გამოვყოფ თავდადებას. მეორე – ფეხბურთის თამაშის უნარია. ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან. ამას ემატება სამწვრთნელო შტაბის სწორად მუშაობაც. ამ ნაკრებში სუსტ რგოლს ვერცერთ ხაზში იპოვით, ყველა სინქრონულად მუშაობს. საქართველოს ნაკრებს მოკუმშულ მუშტს შევადარებდი. სწორედ ასეთია – შეთამაშებული და საოცრად შეკავშირებული.
ძალიან კარგი ფეხბურთელია გიორგი წიტაიშვილი. როდესაც ორი წლის წინ საქართველოში ჩავედი, ის ბათუმში ჩემს თვალწინ თამაშობდა – ადგილობრივ დინამოში. წიტაიშვილის მონაწილეობით თითქმის ყველა თამაში ვნახე. შემიძლია ვთქვა, რომ ის მეორე ხვიჩაა.
გიორგის ბევრი კარგი საფეხბურთო თვისება აქვს. ის საოცრად მშრომელი, სწრაფი და ტექნიკურია და იმავე ფლანგზე მოქმედებს, სადაც კვარაცხელია. ცოტა ხნის წინ „გრანადაში“ გადავიდა და როგორც ვიცი, იქ საკმაოდ კარგად გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე წიტაიშვილისთვის „გრანადა“ მხოლოდ ტრამპლინია ევროპის ტოპკლუბში გადასასვლელად. ის ამას იმსახურებს“, – განაცხადა უკრაინელმა სპეციალისტმა.
კომენტარები