ფსიქოლოგი მაია ცირამუა, წლებია, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებთან მუშაობს. რატომ მალავენ ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, სექსუალური ძალადობის ფაქტებს, ის ამბობს, რომ ეს არის მოძალადის მხრიდან ჩანერგილი შიშისა და სირცხვილის დაუოკებელი განცდა:
„სექსუალური ძალადობა მდუმარე, ჩუმ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. მოძალადე ძალიან ხშირად მიმართავს ე.წ. პრევენციულ ზომებს, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვი იყოს დადუმებული. დაშინება, რომ ხმას თუ ამოიღებ, მოგკლავ ან საყვარელ ადამიანს მოგიკლავ, ან მაინც არ დაგიჯერებენ, ეს კარგად ნაცადი ხერხია. მთელი მექანიზმი აქვს მოძალადეს, რითაც ის ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვი ამაზე დუმდეს. შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გავიდეს და ადამიანმა ეს შიში ვერ დაძლიოს და ვერასდროს ამოიღოს ხმა“,- განმარტავს ის.
ფსიქოლოგის თქმით, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 70-80% სწორედ ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან ხდება:
„მითია, რომ მოძალადე ძირითადად უცხო პირია. არა, მოძალადეთა უმრავლესობა სწორედ ახლობელია. ამიტომ, როცა ბავშვი იძლევა მინიშნებას, მის უახლოეს გარემოცვაში უნდა ვეძებოთ ეს ადამიანი. მოძალადე შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეზობელი, ნათესავი, აღმზრდელი და ა.შ.“ – ამბობს ფსიქოლოგი „რადიო თავისუფლებასთან“.
კომენტარები