ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ქალების მიმართ წლების განმავლობაში არსებულმა უთანასწორობის ნორმებმა მოდაშიც გადაინაცვლა. მაგალითად, როცა კაცების სამოსი უმეტესწილად დახურულია, დიზაინერები ფიქრობენ, რომ ქალები სიცივეში სხეულის ნაწილების მოშიშვლებით თავს კარგად იგრძნობენ.
თუმცა, წვეულების კაბებს რომ თავი დავანებოთ, მსგავსი უსამართლობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვხვდება. კაცებო, თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ ქალის ჯინსების ჯიბეები ნამდვილი ხუმრობაა, მასში ისეთი მოსახერხებელი ნივთიც კი არ ეტევა, როგორიცაა სმარტფონი. აღარაფერს ვამბობთ, ე.წ. მატყუარა ჯიბეებზე, რომლითაც დიდი ხანია აღარ ვტყუვდებით.
ტანსაცმლისა და აქსესუარის მწარმოებელი ბრენდებისთვის, ამ საკითხის მოგვარება, შესაძლოა, არც ისე მომგებიანად ჟღერდეს. მერე როგორ გაყიდონ 10-ჯიბიანი ჩანთა, რომლის უმრავლესობას ისედაც არ ვიყენებთ? ან უზარმაზარი ზურგჩანთა, რომელშიც გოგოები ბიჭების ნივთებსაც ჩაილაგებენ და ატარებენ?
სამწუხაროდ, ამ საკითხის მეცნიერულად შემოწმება და დიზაინერებისთვის ნამდვილი მტკიცებულების წარდგენა აქამდე არავის მოსვლია აზრად. თუმცა, ეს დღეც დადგა, რადგან ასეთი უსამართლობები დიდხანს არ იმალება.
Pudding-ის ჟურნალისტებმა, ჟან დიემ და ამბერ ტომასმა 20 პოპულარული ბრენდის 80 ჯინსი შეამოწმა. 40 ქალის და 40 კაცის. შემდეგ კი, მათ ჯიბეებზე აღებული ზომები შეადარეს და ეს სურათი მიიღეს.
ანალიზის შედეგად, ამბერმა და ჟანმა გაიგეს, რომ ქალის ჯიბეები 48%-ით უფრო მოკლეა და 6,5%-ით უფრო ვიწრო. განსხვავება სხვადასხვა სტილის ჯინსებზე ემთხვეოდა.
ლონდონში მდებარე ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის თანახმად, ეს უთანასწორობა 1 600 წლით თარიღდება, როცა ჯიბეები კაცის სამოსზე დიდი ზომის იყო, ქალის კაბებზე კი ჯიბეები ტანსაცმლის შიგნით, სასაცილოდ მცირე სივრცე ჰქონდა და მათ კაბების შიგნით ჩასაცმელზე იყო მიმაგრებული.
ასე რომ, ადამიანის კულტურას ჯიბეების გზაზე პროგრესის დიდი გზა აქვს დარჩენილი.
წყარო:On.ge
კომენტარები