მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ორსულობისას თუნდაც ერთი ღერი სიგარეტის მოწევა ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს ზრდის. სპეციალისტების სტატია ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
მათ 2007-დან 2001 წლამდე 20 მილიონზე მეტი ახალშობილის ისტორია და მოულოდნელი გარდაცვალების 19 000 ფაქტი შეისწავლეს.
მედიკოსებს აინტერესებდათ, როგორ გავლენას ახდენს მოწევა ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების შესაძლებლობაზე.
როგორც გაირკვა, თამბაქო რისკის სერიოზული ფაქტორია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი ორსულობისას მხოლოდ 1 ღერ სიგარეტს ეწეოდა, ბავშვის გარდაცვალების რისკი ორმაგდებოდა. ხოლო თუ მომავალი დედა დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, ამ შემთხვევაში შანსი 295%-ით იზრდებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ორსულობისას მოწევა განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.
თამბაქოს კვამლი ნაყოფის დნმ-ის სტრუქტურას ცვლის, ამის გამო კი ის აუტიზმის, გასუქებისა და ასთმისკენ მიდრეკილი ხდება.
მანამდე მწეველ ორსულებზე მასშტაბურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მავნე ჩვევა ბავშვებში სიელმის განვითარების რისკს დაახლოებით 1,5-ჯერ ზრდის.
კომენტარები