მეცნიერებმა ინტერნეტით სარგებლობასა და დემენციას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ინტერნეტით სარგებლობა ხშირად სხვადასხვა კოგნიტიური პრობლემის მაპროვოცირებლად აღიქმება, რაც მეტწილად ნამდვილად ასეა. იმის გასაგებად, ვრცელდება თუ არა ეს დემენციაზე, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს.
მათმა ანალიზმა აჩვენა, რომ 50-65 წლის ინდივიდებში ინტერნეტის რეგულარულად ან საშუალო სიხშირით გამოყენება შესაძლოა, კოგნიტიურ ფუნქციებზე პირიქით, დადებითად მოქმედებდეს. ეს საინტერესოა, რადგან მსგავსი კვლევების უმეტესობა უარყოფით გავლენაზეა ფოკუსირებული.
სპეციალისტებმა მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს. ეს უკანასკნელი დაახლოებით 20 000 ზრდასრული ამერიკელის შესახებ ინფორმაციას მოიცავს, ავტორები კი შუახნის ასაკის ადამიანებზე კონცენტრირდნენ.
მათ 2002-2018 წლებში ყოველ 2 წელში ერთხელ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოკითხვა უტარდებოდათ. პასუხები განსხვავდებოდა. მაგალითად, 65% ამბობდა, რომ ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობდა, ხოლო 21% აღნიშნავდა, რომ ეს დროთა განმავლობაში ცვალებადი იყო. ზოგიერთ მონაწილეს ამ დროში დემენცია ჩამოუყალიბდა, ზოგი კი დაიღუპა.
მეცნიერთა შეფასებით, ინტერნეტით აქტიურად მოსარგებლეებში დემენციით დაავადების 1.54%-იანი რისკი იყო, ხოლო არამოსარგებლეებში – 10.45%. შესწავლილ ინდივიდებში დემენციის ჩამოყალიბების დროის გათვალისწინებით დადგინდა, რომ უკანასკნელ ჯგუფთან შედარებით, მათში, ვინც ინტერნეტს ხშირად იყენებდა, კოგნიტიური აშლილობის გამოვლენის შანსი მხოლოდ ნახევარი იყო.
მნიშვნელოვანია, რომ უარყოფითი გავლენაც გამოიკვეთა: მეცნიერებმა დღეში 2-ზე მეტი საათით ინტერნეტის გამოყენება დემენციის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს.
აქედან გამომდინარე, ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ინტერნეტით სარგებლობა შუახნის ადამიანებში დემენციის რისკს ამცირებდეს, მაგრამ ყოველდღიურად ამის დიდი ხნით კეთება საფრთხეს შეიცავს.
„არაა გამორიცხული, ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობა გაზრდილ კოგნიტიურ სტიმულაციასთან და, შესაბამისად, დემენციის დაბალ რისკთან იყოს ასოცირებული ან შესაძლოა, დემენციის დაბალი რისკის მქონე ადამიანები ინტერნეტის ხშირი გამოყენებისკენ იყვნენ მიდრეკილნი”, — აცხადებენ სპეციალისტები.
ეს ნიშნავს, რომ გამოვლენილია გარკვეული კავშირი და არა მიზეზ-შედეგობრიობა, რაც უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. ნაშრომი გამოცემაში Journal of the American Geriatrics Society გამოქვეყნდა.
კომენტარები