ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის მაგნიტური ველი 4,2 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და ძალიან ძლიერი იყო. ამის შესახებ Der Standard-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა როჩესტერის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ ავსტრალიის მთებში ნაპოვნი 4.2 მილიარდი წლით დათარიღებული მინერალები შეისწავლეს და მათში ფერომაგნიტური შენაერთები აღმოაჩინეს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მძლავრი მაგნიტური ველის წარმოქმნა დედამიწის ირგვლივ 4,5 მილიარდი წლის წინ ჩვენი პლანეტის მარსის ზომის ციურ სხეულთან შეჯახებამ განაპირობა. ამის გამო პლანეტაზე ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ პლანეტის ბირთვში მაგნიუმის ოქსიდი თხევად მდგომარეობაში გადავიდა. ტემპერატურის დაკლებამ კი მაგნიუმის ოქსიდის კრისტალიზაცია გამოიწვია, რამაც კონვექციური ნაკადები აამოძრავა.
დედამიწის მაგნიტური ველი პლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელია. სწორედ ის ეხმარება ცხოველებს ორიენტირებაში და გვიცავს კოსმოსური გამოსხივებისგან. ამიტომ, მეცნიერები თვლიან, რომ მაგნიტური ველი დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნისთვის მნიშვნელოვანი პირობა იყო, თუმცა აქამდე არავინ იცოდა როდის გაჩნდა ეს დამცავი ფარი.
კომენტარები