შალვა ამონაშვილი ქართველი ფსიქოლოგი და პოეტია. თავისი პროგრესული აზროვნებითა და იდეებით დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე.
შალვა ამონაშვილის მეუღლე ვალერია რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. წყვილმა ერთად 50 წელი იცხოვრა. 2020 წელს, კოვიდ-პანდემიის დროს, მან მეუღლეს ემოციური წერილი მიუძღვნა. ეს წერილი სოციალურ ქსელში “ამონაშვილის აკადემიამ” გამოაქვეყნა:
“წერილი ზეცას
ჩემო მშვენიერო, საყვარელო ქალბატონო!
არსებობს განა დღე ან საათი, ანდაც წამი, როდესაც შენზე ფიქრებს ვშორდები ან გივიწყებ?ასეთი წამი არ არსებობს, ვინაიდან შენ ჩემი ცხოვრების ტექსტი და ქვეტექსტი ხარ. ასევე მუდამ ვგრძნობ, როგორ ზრუნავ ჩემზე ცათა სიმაღლიდან და არ მტოვებ მარტოს არც ერთი წუთით.
მე შენ სევდანარევი სადღესასწაულო განცდით გაგაცილე იმქვეყნად, რადგან ჩემმა გულმა იცოდა, რაოდენ დიდი ძღვენით დაბრუნდა შენი სული მის სამყოფელში. ის რამდენიმე ცრემლი ჩემს თვალზე კი, მხოლოდ საკუთარი თავის შეცოდებას გამოხატავდა. ჩვენ თითქმის 50 წელი გავატარეთ ერთად. ამ წლების განმავლობაში ძალიან მყარი გახდა ჩემი კავშირი შენთან, შენს ღვთაებრივ ბუნებასთან, ჩემო საოცარო ქალბატონო! დღეს შენი დაბადების დღეა. ეგრეთ წოდებულ „თვითიზოლაციაში“ მყოფი მე შენი 85 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ჩვენს თანაცხოვრებას ვიხსენებ, რომლის დროსაც მე და შენ ათასობით მარცვალი დავთესეთ. ამ მარცვლებმა როგორც ჩვენ, ასევე მრავალი სხვა ადამიანი გააბედნიერა. შენით მე სიყვარული შევიცანი (რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაწილობრივ), ვინაიდან ეს გრძნობა უსაზღვროა. ის, რაც დედამიწაზე შენ გვერდით ყოფნის დროს შევიცანი და ის, რასაც შენი ზეცაში წასვლის შემდეგ ვგრძნობ –ორი სხვადასხვა სიმაღლის სიყვარულია. მეგონა, რომ მიყვარდი: გეხუტებოდი, გკოცნიდი, შენში შთაგონებას ვპოულობდი, ჩემს ყოველივე შემოქმედებას შენ გიძღვნიდი. მიყვარდი, თუმცაღა ზოგჯერ სხვადასხვა საქმის გამო ვერ ვიცლიდი შენთვის,ზოგჯერ გულს გტკენდი, განაღვლიანებდი, ზოგჯერაც უმნიშვნელო წვრილმანების გამო ჩვენს სიყვარულს ჩრდილი ადგებოდა.
და აი, შენ წახვედი და ყოველდღე ერთდროულად სიხარული და ნაღველი მიპყრობს. სიხარული იმიტომ, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მიყვარდები და ჩემს ამ სულიერ მდგომარეობას მრავალმხრივ შევიცნობ. ახლა უკვე სხვანაირად მიყვარხარ –ალბათ, ზეციური სიყვარულით, რომელსაც ადრე არ ვიცნობდი. ასეთი სიყვარულის მორევში ჩაძირვა – აი, ნამდვილი ნეტარება!”
შალვა ამონაშვილი გადაცემის “მთავარ როლში” სტუმარი იყო, სადაც სიყვარულსა და მეუღლეზე ისაუბრა:
“საერთოდ, პოეტური აზროვნება ცხოვრებას ალამაზებს. მე ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა. ჩემი განცდით, ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მე სულ ჩართული ვიყავი მუშაობაში და ამ ორომტრიალში დამავიწყდა სიყვარული. შემეძლო უფრო მეტად მოვფერებოდი, მეკოცნა, სიტყვები მეთქვა… ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვამაც არ დაიგვიანოს. ბედნიერება ხელთ გაქვს და თუ ამას არ დაინახავ, ბრმა ხარ” – ამბობს შალვა ამონაშვილი.
კომენტარები