
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო ურთიერთობებს ცეკვა უწოდა და თქვა, რომ ამერიკელებმა „არ იციან ამ ტანგოს ცეკვა”. მან შეერთებული შტატები ეკონომიკური სანქციების, ფინანსური შეზღუდვებისა და სამხედრო ძალის მუქარის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ CNN წერს.
„აშშ ცდილობს ყველაფერი გადაჭრას სიძლიერის პოზიციიდან, ან ეკონომიკური სანქციების, ან ფინანსური შეზღუდვების დახმარებით, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარით, ან მისი გამოყენებით“, – თქვა პუტინმა.
მან ასევე ტრადიციული უკრაინული ცეკვის – „ჰოპაკის“ ანალოგიც მოიყვანა და თქვა, რომ უკრაინამ ის უნდა გაიხსენოს, რითაც პუტინმა უკრაინას გარე გავლენებისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე მიუთითა.
„ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოს „ჰოპაკი“. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია, თორემ ისინი მუდმივად იცეკვებენ სხვის ჰანგზე“, – თქვა მან მედიის კითხვებზე სოჭში ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ.
აქვე პუტინმა გაიმეორა, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე.
„ამიტომ, თუ მეორე მხარეს უნდათ, პირდაპირ თქვან“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო კრემლის წინააღმდეგ, რომლის სიაშიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი აღმოჩნდნენ.
კომენტარები