ადამიანები საკუთარი საქმიანობით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად პლანეტას და მასზე მცხოვრები სხვა ცოცხალი არსებების სიცოცხლეს ყოველდღიურად ვუქმნით სერიოზულ საფრთხეს, მათ შორის არიან ზღვის კუებიც.
მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა თითქმის შეუქცევადი პროცესი გახდა, საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ადამიანის ნეგატიური ზეგავლენის შემცირება ან ზოგ შემთხვევაში სრულიად აღმოფხვრა?! აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია.
საქმე ის არის, რომ ინდოეთში, ქალაქ მუმბაის ზღვის სანაპირო წლების განმავლობაში პოლიეთილენის ნარჩენებითა და ნაგვით იყო გადავსებული, ამის პარალელურად კი აქ მცხოვრები ზღვის კუები უკვალოდ გაუჩინარდნენ.
ახალგაზრდულმა გაერთიანებამ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, მსოფლიოში სანაპიროს ყველაზე მასშტაბური წმენდის მოწყობა დაისახა მიზნად და აღსანიშნავია, რომ ამ სასარგებლო კამპანიას უამრავი მოხალისეც შეუერთდა.
შედეგად, მუმბაის სანაპიროს თავდაპირველი იერსახე დაუბრუნდა, რადგან ტერიტორიიდან ჯამში 5 მილიონი კილოგრამი ნაგავი გაიტანეს.
საბედნიეროდ, ახალგაზრდების თავდაუზოგავ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და სანაპიროზე კვლავ გამოჩნდა ზღვის კუების შვიდი სახეობიდან ექვსი, რომლებიც წყლიდან ამოდიან და გასამრავლებლად ოქროსფერ, სუფთა ქვიშას სტუმრობენ.
როგორც ხედავთ, ჩვენი საქმიანობით მიყენებული ზიანის გამოსწორება ჯერ კიდევ არ არის გვიანი და სწორი არჩევანის შემთხვევაში, ადამიანები და ცხოველები ჰარმონიულ თანაცხოვრებას უპრობლემოდ შეძლებენ, თანაც ისე, რომ არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.
წყარო:On.ge
კომენტარები