ქართული მარწყვის სეზონი ხანმოკლეა – ის მაისის ბოლოს იწყება და ივნისის ბოლომდე მთავრდება, თუმცა ზოგი ჯიშის კრეფა შეიძლება ოქტომბრამდე გაგრძელდეს. როგორია სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები აქვს მარწყვს? როდის შევიძინოთ და როგორ ავარჩიოთ? ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი სტატიაში მიიღებთ.
როგორ ავარჩიოთ მარწყვი?
ხარისხიანი კენკრის ასარჩევად ყურადღება ნაყოფის ფერს და სუნს უნდა მიაქციოთ. მარწყვი ძალიან მუქი არ უნდა იყოს და კარგად გამოხატული სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს.
მარწყვს ყუნწები ადვილად არ უნდა წყდებოდეს – ეს გადამწიფების ნიშანია.
მოერიდეთ ლაქებისა და დაუმწიფებელი ნაწილების მქონე კენკრის ყიდვას.
გახსოვდეთ, რომ მარწყვი მაცივარში დაკრეფიდან სამი დღის განმავლობაში ინახება.
მარწყვის ვიტამინები
მარწყვი შეიცავს A, C, PP, B, E, K ვიტამინებს, ბოჭკოს, კაროტინოიდებს, ფოლიუმის და ვაშლის მჟავას. ასევე მაგნიუმს, თუთიას, ნატრიუმს, რკინას, კალციუმს და სპილენძს.
მარწყვის სასარგებლო თვისებები
ფოლიუმის მჟავის დამსახურებით მარწყვი ანემიისა და ორსულობის დროს შეუცვლელი პროდუქტია. მარწყვი მცირე რაოდენობით კალორიას შეიცავს, ამიტომ ნებადართულია მისი მიღება დიეტის დროს და დიაბეტიანებისთვის.
მარწყვის ანტიოქსიდანტური თვისებების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. კენკრის შემადგენლობაში შედის ელაგის მჟავა და ანტოციანები, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს ებრძვიან.
მარწყვი დიდი რაოდენობით C ვიტამინსაც შეიცავს, რომელიც ძვლებისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. მარწყვს სისხლის განახლებისა და გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად მიირთმევენ. ასევე, ის აუმჯობესებს განწყობას.
რა უკუჩვენება აქვს მარწყვს?
მარწყვი ძლიერი ალერგენია, ამიტომ ის ბავშვებს და ალერგიით დაავადებულებს უნდა მოვარიდოთ.
ხილის მჟავის სიჭარბის გამო, მარწყვის მიღება უნდა შეიზღუდოს გასტრიტის, წყლულის, ცისტიტისა და თირკმელების დაავადებების დროს.
მარწყვის პოტენციური ზიანი შეიძლება პესტიციდებშიც იმალებოდეს, რომლითაც კენკრას ამუშავებენ. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად, შეგიძლიათ გამოყენებამდე კენკრას მდუღარე წყალი გადაავლოთ.
თუმცა, ზომიერი გამოყენების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარწყვმა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.
მარწყვი მედიცინაში
აფთიაქებში შეგიძლიათ მარწყვის თესლის ზეთი შეიძინოთ. მას ძირითადდ, კანის დატენიანებისთვის იყენებენ.
მარწყვი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არომატიზატორია მედიკამენტებისთვის, სიროფებისა და პასტილებისთვის.
კოსმეტოლოგიაში მარწყვის ფაფას კანის კვებისა და გაღიავებისთვის იყენებენ. ხალხურ მედიცინაში მარწყვის ჩაი ცნობილია, როგორც შარდმდენი საშუალება ქვიშისა და ქვების გამოდევნისთვის.
მარწყვი კულინარიაში
ვის არ უყვარს მარწყვის ტორტი, მარწყვის მუსი ან მარწყვი შოკოლადში? ზოგ ქვეყანაში ამ კენკრას არა მარტო ტკბილ დესერტებში, არამედ ხორციან და ბოსტნეულის სალათებშიც იყენებენ. ჩინეთში მარწყვის არომატიან ჩიფსებსც კი აწარმოებენ.
კომენტარები