რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ ისინი, ვისაც ნამდვილი სიყვარული ჯერ არ უპოვიათ, თავს უბედურად და მარტოსულად გრძნობენ.
არადა, არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც თავის მარტოობას ძალიან აფასებს და ბედნიერებას სწორედ ყველასა და ყველაფრისგან დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაში ხედავს.თუ თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც ფიქრობს, რომ მარტოობა სასჯელია და ის მხოლოდ უარყოფითი და სევდიანი შინაარსის მატარებელია, მაშინ ყურადღებით გაეცანით იმ 10 მიზეზს, რომლის გამოც, ნაცნობი ტერმინები რომ გამოვიყენოთ, Single ყოველთვის Forever Alone-ს არ ნიშნავს.
1. როდესაც მარტო ხართ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გაატარებთ შაბათ-კვირას. ვერავინ გეტყვით, რომ მისი მეგობრების ქეიფზე უნდა წახვიდეთ და მაინცდამაინც კარგ განწყობაზე იყოთ. თავისუფლად შეგიძლიათ, დღე, სურვილისამებრ, სრულიად მარტომ გაატაროთ, თბილ პლედთან, ცხელ სასმელსა და საყვარელ ფილმთან ერთად; ან თავად გადაწყვიტოთ, კონკრეტულად რომელი მეგობრისა და სიტუაციის „ხასიათზე“ ხართ.
2. ყოველთვის შეგიძლიათ, იფლირტაოთ და ამის გამო თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ. თქვენ არავის ღალატობთ და არც რომელიმე დადებულ პირობას არღვევთ. თანაც, ყოველთვის მარტო ვერ/არ იქნებით. ამიტომ, სანამ დროა, საინტერესო და სახალისო ურთიერთობებსა და თავგადასავლებზე რატომ უნდა თქვათ უარი?
3. თქვენს ბედნიერებაზე მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. ზოგადად, ცუდი პერიოდი მაშინ იწყება, როდესაც კარგად თუ ცუდად ყოფნას სხვა ადამიან(ებ)ზე დამოკიდებულს ხდით. როცა მარტო ხართ, არასოდეს გიწევთ იმაზე ნერვიულობა, შემთხვევით საყვარელმა ადამიანმა არ მიგატოვოთ ან არ გიღალატოთ. გახსოვდეთ, არაფერი სჯობს იმის შეგრძნებას, რომ ფეხზე მყარად დგახართ და ერთადერთი ხართ, ვინც თქვენს ცხოვრებას განაგებს.
4. თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ და არ არსებობს ამაზე კარგი შეგრძნება! შეგიძლიათ, იყოთ სპონტანურები და არანორმალურები! მარტივად შეგიძლიათ, ადგეთ და წახვიდეთ ყველგან, სადაც გაგიხარდებათ. წარმოიდგინეთ, შეყვარებული რომ გყავდეთ და უთხრათ, ამერიკაში წასვლა გადავწყვიტეო, რამდენი პრობლემური საკითხი წამოიჭრება?!
5. თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ იმისი რწმენა და მოლოდინი, რომ იმ ერთადერთს შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას გადაეყაროთ. ეს შეგრძნება კი აღფრთოვანებისა და აღტაცების დიდი და მნიშვნელოვანი მიზეზია!
6. დაზღვეული ხართ და იცით, რომ დროს არასწორ ადამიანზე არ ფლანგავთ.
7. ღამის ცხოვრება მხიარული და მრავალფეროვანია. თქვენ და თქვენს მეგობრებს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოთ.
8. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც საწოლში თქვენ გვერდით საყვარელ ადამიანს სძინავს. მაგრამ, დაგვეთანხმეთ, ისიც კარგია, როდესაც მთელი საწოლი თქვენს განკარგულებაშია, რომ აღარაფერი ვთქვათ მეორე ნახევრის შესაძლო ხვრინვაზე!
9. თქვენ უამრავი დრო და საშუალება გაქვთ, საკუთარი თავის, ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარებაზე იზრუნოთ. თავისუფლად შეგიძლიათ, ახალ-ახალი გამოწვევები მიიღოთ და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობდეთ.
თქვენ თავად ქმნით იმ ყველაფერს, რაც თქვენს ცხოვრებაშია. ამიტომ, როცა მარტო ხართ, ყველაზე კარგად და ზუსტად იცით, როგორი მომავალი გსურთ, როგორ უნდა მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და როგორ უნდა აიხდინოთ ოცნებები.
10. დაბოლოს, შობა-ახალი წლის დღესასწაული „მარტოხელებს“ გაცილებით უფრო იაფი უჯდებათ! 🙂
კომენტარები