ნებისმიერი მასშტაბური პროექტის წარმატება ბევრი ადამიანის დაუღალავ შრომას მოითხოვს, მაგრამ გამარჯვებულის გვირგვინს თითქმის ყოველთვის ერთი ადამიანი იღებს, პროექტის სხვა მონაწილეების შესახებ კი რატომღაც ყველა ივიწყებს. თუ გკითხავენ ვინ არის ნილ არმსტრონგი, ალბათ უპასუხებთ, რომ ეს მთვარის პირველი დამპყრობელია, მაგრამ მარგარეტ ჰამილტონის სახელი ალბათ პირველად გაიგეთ…
მთვარეზე გაფრენა და მის ზედაპირზე ასტრონავტების დასხდომა სწორედ ამ მოკრძალებული სათვალიანი გოგონას დამსახურებით შედგა და წარმატებით დასრულდა.
1969 წლის 20 ივლისს, 20:17:39 საათზე, „აპოლო 11“-ის ასტრონავტები ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარის ზედაპირზე დაეშვნენ, რითაც კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.
ამერიკელი ასტრონავტების ფრენას სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა მარგარეტ ჰამილტონის წყალობით, რომელმაც Apollo-ს პროექტისთვის პროგრამული უზრუნველყოფა შექმნა, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
რა გააკეთა მარგარეტ ჰამილტონმა ნასასთვის?
მარგარეტ ჰამილტონი ინფორმატიკის პიონერია. ის ხელმძღვანელობდა „აპოლო 11“-ის მთვარეზე დასაჯდომად პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას.
გოგონა კოდებს ხელით წერდა, შემდეგ მათ ბეჭდავდნენ და პროგრამებში აერთიანებდნენ.
სწორედ ასე გამოიყურებოდა კოსმოსური პროგრამის Apollo-სთვის დაწერილი კოდის ბეჭდური ვერსია. ფოტო გადაღებულია 1969 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.
მარგარეტ ჰამილტონი: „ამ ფოტოზე მე Apollo Guidance Computer-ის (AGC) საწყისი კოდის გვერდით ვდგავარ. ვაზუსტებ, რომ ქაღალდების ეს გროვა მხოლოდ კოდია და არავითარი ანგარიშები შეცდომების აღმოფხვრის შესახებ.”
პროგრამული დამუშავების ასეთ მეთოდს „LOL memory“ ანუ „little old lаdies memory“ ერქვა (პატარა, მოხუცი ქალბატონების მეხსიერება). კოდებს ასეთი უცნაური სახელი იმიტომ ეწოდა, რომ მათი ბეჭდვით, ძირითადად, ქალები და, მათ შორის, ასაკოვანი ქალები იყვნენ დაკავებულნი.
Apollo-ს გუნდის ქალები არა მარტო კოდებს და პროგრამებს წერდნენ, არამედ პრაქტიკულ რჩევებსაც გასცემდნენ მათ მიერ დამზადებული აღჭურვილობის გასაუმჯობესებლად.
კრიტიკული ხარვეზი მთვარეზე დაფრენისას და მარგარეტის პროფესიონალიზმი
არმსტრონგი და ოლდრინი მთვარეზე დასაფრენად ემზადებოდნენ, როდესაც კრიტიკული ხარვეზი დაფიქსირდა – სადგურის რადარმა დასაფრენი მოდულის კომპიუტერისთვის დასაფრენად უსარგებლო ინფორმაციის გადაცემა დაიწყო, რამაც მოწყობილობის გადატვირთვა გამოიწვია. ჰამილტონს ასეთი სცენარი რომ არ გაეთვალისწინებინა, ასტრონავტებს გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ.
პილოტებმა სწრაფი გადატვირთვის ფუნქცია აამუშავეს, რათა კომპიუტერის მეხსიერება არასაჭირო მონაცემებისგან გაესუფთავებინათ. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა სისტემისთვის დასაფრენად აუცილებელი ინფორმაცია მიეწოდებინათ და კოსმოსური მისია წარმატებით დასრულდა. ამერიკელი ასტრონავტები დედამიწაზე გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
დღეს
მარგარეტ ჰამილტონი მხოლოდ 31 წლის იყო, როდესაც მისია წარმატებით განხორციელდა.
დღეს ის 85 წლისაა, მაგრამ მუშაობას აგრძელებს.
„მარგარეტი განასახიერებს იმ უცნობი ქალების მთელ თაობას, რომელთა შრომამაც უზრუნველყო კაცობრიობის კოსმოსში გაფრენა, – აღნიშნა თავის სიტყვაში ბარაკ ობამამ მარგარეტ ჰამილტონისთვის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლის გადაცემისას.
„ჩემი გადმოსახედიდან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება (პროექტირება, განვითარება, მუშაობაზე დაკვირვება და შესწავლა მომავალი სისტემებისთვის) არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე მისიასთან დაკავშირებული მოვლენები. … მეორე შანსი არ გვექნებოდა. ჩვენ ეს ვიცოდით. გადაწყვეტილებებისა და ახალი იდეების მოძიება მთელი თავგადასავალი იყო. ყველას ურთიერთპატივისცემა გვქონდა. ვინაიდან პროგრამული უზრუნველყოფა იმ დროისთვის „შავი ყუთი“ იყო, ხელმძღვანელობამ ნდობა გამოგვიცხადა და სრული თავისუფლება მოგვცა. გზა უნდა გვეპოვა და ეს გავაკეთეთ. ჩვენ ყველაზე იღბლიანი ადამიანები ვართ მსოფლიოში – სხვა არჩევანი არ გვქონდა, ამ საქმის პიონერები უნდა ვყოფილიყავით“, – ამბობს ჰამილტონი.
იგი ამჟამად ხელმძღვანელობს საკუთარ კომპანიას „Hamilton Technologies“. მარგარეტის ღვაწლი კოსმოსის ათვისებაში უზარმაზარია და ამ ფაქტს ვერაფრით აკნინებს ის ამბავი, რომ იგი ასტრონავტებისა და კოსმოსური ხომალდების ინჟინრების ჩრდილში იყო.
კომენტარები