
„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა კომენტარი გააკეთა ნეაპოლურ კლუბთან დადებული კონტრაქტის გარშემო არსებულ მითქმა-მოთქმაზე. როგორც მან CalcioNapoli24-თან ინტერვიუში აღნიშნა, კლუბის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მათთან კონტრაქტის განახლებაზე საუბარი არ ჰქონია.
„ეს სისულელეა, კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე არავის უსაუბრია – „ნაპოლის“ განცხადება
„ამ კლუბის ხელმძღვანელობისგან მხოლოდ კარგი რამ გვახსოვს და ნეაპოლში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში. პირდაპირ ვაცხადებ, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის შეცვლის სურვილი არასდროს ჰქონია და არც კონტრაქტის განახლებაზე გვქონია საუბარი „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან. კმაყოფილები ვართ იმ კონტრაქტით, რასაც ხვიჩამ ერთი წლის წინ მოაწერა ხელი. მას მხოლოდ სპორტული მიზნები აქვს – სურს, კვლავ მოიგოს სერია A და ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ იასპარეზოს. პირადად მე „ნაპოლისთან“ ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, აურელიო დე ლაურენტისი ბრწყინვალე პიროვნებაა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხვიჩას დიდი ფეხბურთი ეთამაშა.
აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან კონტრაქტის განახლებაზე საუბარი არ დაწყებულა. თუ დე ლაურენტისი გადაწყვეტს, რომ ხელშეკრულების გადახედვა სურს, მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. რაიმეთი უკმაყოფილო არც ჩვენ ვართ და არც კლუბი. ჩვენ შორის მეგობრული შეხვედრები ყოველთვის იმართება. უკმაყოფილო რომ ვიყოთ, აქამდე მოვახერხებდით საუბარს. აურელიოს უარი არაფერზე უთქვამს და რასაც დაგვპირდა, დროზე ადრე შეასრულა. პრეტენზიის საფუძველი არ გაგვაჩნია, კლუბსა და ჩვენ შორის გაუგებრობა არ არსებობს“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სპორტულ გამოცემებში ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებაზე, 22 წლის ქართველის კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და „ნაპოლიდან“ არავის უსაუბრია ფეხბურთელის კონტრაქტის შესაძლო განახლებაზე.
კომენტარები