მამასთან შესახვედრად არგენტინელმა კაცმა სამ თვეში იალქნიანი ნავით ატლანტის ოკეანე გადაცურა, მას შემდეგ რაც კორონავირუსის გამო ყველა საერთაშორისო ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა People ავრცელებს.
მიმდინარე წლის მარტში 47 წლის ხუან მანუელ ბალიესტერო პორტუგალიაში, პორტუ-სანტუს კუნძულზე იმყოფებოდა, მთელი მისი ოჯახი კი სამშობლოში, არგენტინაში დარჩა. კორონავირუსის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფრენა აკრძალა, ხუან მანუელი კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახისგან შორს ცხოვრობდა.
არგენტინაში ხუან მანუელს ხანდაზმული მამა, კარლოს ალბერტო ჰყავდა, რის გამოც კაცმა გადაწყვიტა, იალქნიანი ნავით ატლანტის ოკეანე გადაეცურა.
„ოჯახთან შესახვედრად ყველაფრისთვის ვიყავი მზად. ასეთი მანძილის დასაფარად კი მამისგან მიღებული ცოდნა გამოვიყენე“, – აცხადებს ხუან მანუელი.
85 დღის განმავლობაში ის რამდენჯერმე ჩერდებოდა პორტებში, რათა საკვებისა და საწვავის მარაგები შეევსო. მგზავრობის მიწურულს ხუან მანუელი ძლიერ შტორმში მოყვა და ბრაზილიაში იძულებითი გაჩერება მოუხდა.
„არაერთი სირთულის მიუხედავად, დანებება ან პორტუგალიაში დაბრუნება არც ერთხელ არ მომსვლია აზრად“, – აცხადებს 47 წლის არგენტინელი.
სამშობლოში ჩასვლის შემდეგ მან კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი მამასთან გაემგზავრა და განვლილი 90 წლის იუბილე მიულოცა.
კომენტარები