UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით სამშობლოში დაბრუნდა. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 17:00 საათზე დაეშვა.
„მადლობა ქართველებს! ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან ერთად მეზეიმა ეს გამარჯვება და სიხარული“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.
„ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე“, – განაცხადა დვალიშვილმა.
კომენტარები