19 სექტემბერს აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, რომელიც მთავარანგელოზი მიქაელის მიერ აღსრულდა ხონაში.
მიქაელ მთავარანგელოზი უფლის მხედრობის წინამძღოლი და ბოროტ ძალებთან მთავარი მებრძოლია. ეკლესია მას უფლის მხედართმთავარს უწოდებს. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: “ვინ არის, ვითარცა ღმერთი”
როცა სატანა უფალს აუმხედრდა, მიქაელი შეეწინააღმდეგა. ბრძანა: – “ვინ არის მსგავსი ღვთისა? არავინ, ღვთის გარდა!” გაიყო ანგელოზთა სამყარო და ერთმანეთს შეება. გაიმარჯვეს უფლის ერთგულებმა, წმინდა მთავარანგელოზის მეთაურობით. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: “ვინ არის, ვითარცა ღმერთი”.
***
წელიწადში ერთხელ, 19 სექტემბერს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ამოჰყავს ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულები.
სწავლების მიხედვით, მთავარანგელოზ მიქაელს სული შეევედრა ისიც ამოეყვანა ჯოჯოხეთიდან…
მთავარანგელოზმა უთხრა: “მაჩვენე თუნდაც ერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელიც შენთვის ლოცულობს და ჩათვალე ჩემთან ხარო”…
ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დავანთოთ დღევანდელ დღეს სანთელი მოვიხსენიოთ გარდაცვლილთა სულები…
***
რაც შეეხება სასწაულს:
ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა.
ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში და მოინათლა.
მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმინდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა, კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს ღრმულისაკენ შეუცვალა მიმართულება. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა.
ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმინდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი, ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს. ადგილი, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, იწოდა „ხონად”, რაც „ღრმულს” ნიშნავს.
ლოცვა
ჰოი, დიდო მთავარო ზეცისა მხედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისაითა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნნეს და დაგვიფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოისაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
კომენტარები