ფსალმუნი სულის წყაროა, ფსალმუნთა კითხვისას ყველაფერზე გაქვს პასუხი და სავედრებელი შენიც, გრძნობ, როგორ მიდის უფალთან. “ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისანი”, – ეს ღაღადება საყოველთაოა და მარადჟამული. ჩვენ კი არცთუ იშვიათად გვეზარება ლოცვა, უფალთან საუბარი, ვარჩევთ სხვა საქმე ვაკეთოთ, ვიდრე უფალს გავანდოთ გულისნადები, ან მადლობა ვუთხრათ, ან… თუმცა გაჭირვებისას და რაიმეს სათხოვნელად სწორედ უფალს მივმართავთ. ჟურნალ „კარიბჭის“ რედაქცია იმ მოქალაქეების წერილებს აქვეყნებს, რომელშიც რიგითი ადამიანები საკუთარ თავგადასავლებს ჰყებიან:
ელენე (55 წლის): – ადრე დიდი მლოცველი არ ვყოფილვარ, ვერც ახლა დავდებ თავს ამაზე, რადგან ახლა, როცა დილა-საღამოს ლოცვებსაც ვკითხულობ, სხვადასხვა ლოცვებსაც და 7-გზის ლოცვებსაც, ჩემი თავი რამდენჯერმე დავიჭირე იმაში, რომ ეს უფრო პასიური ლოცვა იყო. ხანდახან ყველაფერი მესმის და გულისყურიც გამახვილებული მაქვს, ხანდახან კი ათას რამეზე ვფიქრობ, ზოგჯერ ისეთზეც, ჩვეულებრივად რომ არც გამახსენდება. ამის გამო საგანგებო ლოცვასაც ვკითხულობ, რადგან ვგრძნობ, ფარისეველივით პირით ვადიდებ უფალს და გული შორს არის მისგან. ამას განვიცდი და მოძღვრის რჩევას ვითვალისწინებ – როცა ჩემს თავს დავიჭერ უგულისყურო ლოცვაში, თავიდან ვიწყებ. თავიდან ვთქვი, დიდი მლოცველი არ ვიყავი-მეთქი და მერე სიტყვა გადამიცდა. დიდი კი არა, საერთოდ არ ვლოცულობდი. ამას საგანგებოდ კი არ ვაკეთებდი, მეგონა, სხვა საქმე უფრო მნიშვნელოვანი იყო. მე ექიმი ვარ და საქმე მართლა ბევრი მქონდა. განსაცდელმა გამომაფხიზლა. ჩემმა ვაჟმა მანქანა იყიდა, წესიერად ტარება არც იცოდა და ავარია მოუვიდა. ორი თვე უგონოდ იყო. ერთ ღამეს გასავათებულს ჩამეძინა. თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა და ჩამძახა, ილოცეო. ჩვენს პალატაში ახალგაზრდა კაცი იწვა, ცოლი ადგა თავს, აი, იმას ჰქვია მლოცველი… იჩოქებდა და ისე ლოცულობდა. სულო ცოდვილო, რამდენჯერ გამივლია გულში, შენ რატომღა დაგემართა ასეთი რამ-მეთქი. ხანდახან ბრაზიც მომსვლია, ქმარი უკვდება და დროს ლოცვაში ატარებს-მეთქი. მივბარბაცდი მის საწოლთან, ლოცვანი ავიღე და თითქოს თავისით გადაიშალა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. ეს ახლა ვიცი, თორემ მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო დაუჯდომელი. მთელი ღამე ვიკითხე, მადლობა უფალს, რომ არ გამწირა. ჩემი შვილი გონს მოვიდა და მალე სრულიად გამოჯანმრთელდა. ის კაციც გადარჩა… ამიტომ მწყდება გული, რომ ჩემი უგულისხმობის გამო ხშირად ვერ მივდივარ უფალთან მხურვალე გულით.
კახა (35 წლის): – ეკლესიაში მთელი ოჯახი დავდივართ და წირვა-ლოცვასაც სიხარულით და ყურადღებით ვუსმენ. ჩემს თავს შევამჩნიე, რომ მარხვაში ლოცვას უფრო ვახერხებ და თავდაჭერილიც და, ასე ვთქვათ, ამ მხრივ მოწესრიგებულიც უფრო ვარ. რესტორანში რომ მპატიჟებენ, მეგობრებს უარს ვეუბნები, თუ არ მომეშვებიან, იქიდან მალე ვბრუნდები და ვლოცულობ. მერე უფრო მიჭირს თავშეკავება. სამსახურშიც ვიღლები და საღამოს მთელი ლოცვის წაკითხვასაც ვერ ვახერხებ. მარხვაში თუ ვმუშაობ? – აბა, ამდენი ხანი ვინ დამასვენებს, მაგრამ ხომ გითხარით, უფრო მობილიზებული ვარ-მეთქი. ამაზე მოძღვარმა მითხრა, იღლები კი არა, გეზარებაო და მერე რომ დავუკვირდი, დავეთანხმე.
თეონა (33 წლის): – ვლოცულობ, თან ჩემი სიტყვებითაც ველაპარაკები უფალს, ღვთისმშობელს, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზს. ყველაფერს ვუყვები, რაც კი იმ დღეს შემემთხვა, ავსაც და კარგსაც. მერე ჩემსავე გულისთქმას ვუგდებ ყურს და ვგრძნობ, როგორ მარიგებენ ისინი.
ცაცა (27 წლის): – ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, უფლის გარდა არავინ მყავს მანუგეშებელი. ქმარმა მე და ჩემი გოგონა მიგვატოვა. ბავშვმა მამამისის წასვლა ინერვიულა და დამუნჯდა.
ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩით და იმის საშუალება სად მქონდა, ექიმებთან მეტარებინა. ეკლესიური ადრეც ვიყავი, მაგრამ ამიერიდან ეკლესია ჩვენი მეორე სახლი გახდა. წირვა-ლოცვაზე სიარულმა და ხშირმა ზიარებამ ჩემს შვილს მეტყველების უნარი დაუბრუნა. ჩემი მეუღლე ცუდი ადამიანი არ იყო, ვიცი, ისიც განსაცდელშია და იმედი მაქვს, ჩვენი ლოცვა მოუბრუნებს ჩვენკენ გულს.
კომენტარები