წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ლიტერატურის გამოცდას 3000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. დაახლოებით 90 %-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ხოლო 10% ჩაიჭრა. მაქსიმალური 80 ქულა არავის მიუღია. ამ საგანში ყველაზე მაღალი 77 ქულა დაიწერა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განაცხადა.
აბიტურიენტს შედეგის ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge , ან www.online.naec.ge-ზე შეუძლია.
რაც შეეხება მოკლე ტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება 9 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 15 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
სააპელაციო განაცხადის ინტერნეტით შევსებისთვის საჭირო პროცედურები გამოქვეყნდება ვებგვერდზე. საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარით (ერთი საგნისთვის).
ამასთანავე, ცნობილია, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შესატანად დრო დაემატათ.
ცენტრი აბიტურიენტებისთვის ასევე განმარტავს, რისი შეცვლა შეუძლიათ გამოცდების წინასწარი შეფასების გაგებიდან გასაჩივრებამდე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოში სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.
კომენტარები