ლუბეკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ნივთიერებათა ცვლის ექსპერტი სებასტიან შმიდი და ფსიქოლოგი სოიონგ პარკი ხელმძღვანელობენ, ადამიანთა ქცევაზე კვების გავლენა პირველად დაადასტურა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Focus-ი წერს.
კვლევის პირველ ნაწილში 87-მა მონაწილემ დაასახელა, რას მიირთმევენ საუზმეზე. მათ შემდეგ მიიღეს მონაწილეობა ერთგვარ ფსიქოლოგიურ თამაშში, სადაც ექსპერიმენტის მონაწილე რეაგირებს პარტნიორის შეთავაზებაზე. ეს პარტნიორი კი მას უყოფს ვირტუალურ თანხას. მეორემ ეს წინადადება უნდა მიიღოს, ან უარყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, მიიჩნევს თუ არა ის თანხის ასეთ განაწილებას სამართლიანად.
ექსპერიმენტით დადგინდა, რომ რაც უფრო მეტ ნახშირწყალს მიირთმევს ადამიანი საუზმეზე, მით უფრო მგრძნობიარე და ემოციური არის მისი დამოკიდებულება უსამართლობის მიმართ
კვლევის მეორე ნაწილში 24 ადამიანი მონაწილეობდა და ის ლაბორატორიაში ჩატარდა. შენობებში, სადაც მონაწილეები იმყოფებოდნენ, ერთნაირი ტემპერატურა და განათება იყო. მათ მიიღეს ერთი და იგივე მწარმოებლის ერთი და იგივე პროდუქტი, მათ უცვლელი ჰყავდათ კურატორი და გათავისუფლებულნი იყვნენ ყოველგვარი გამაღიზიანებლებისგან. ლაბორატორიის თანამშრომლები პარფიუმსაც არ მოიხმარდნენ.
ორ არათანმიმდევრულ დღეს მათ ურიგდებოდათ საუზმე 80% ნახშირწყლის და 10-10% ცილებისა და ცხიმების შემადგენლობით, სხვა დღეებში კი იგივე რაოდენობის კალორიულობით საკვები, თუმცა ნახშირწყლები -50%, ცილები და ცხიმები კი 25-25%. კვებიდან 3 საათში ტარდებოდა სხვადასხვა ტიპის ნეიროკოგნიტური ტესტები. ამავდროულად, ანალიზებით მკვლევარები ადგენდნენ ჰორმონებისა და ნივთიერებათა ცვლის შესაბამის პარამეტრებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთა რეაქცია მაშინ უფრო მძაფრი იყო, როცა მათი საუზმე მეტი ნახშირწყლით იყო წარმოდგენილი, ვიდრე მაშინ, როცა უფრო დაბალანსებული კვება ჰქონდათ.
უსამართლობის მიუღებლობა შესაძლოა აგრესიის დონესთანაც შედარდეს, თუმცა მკვლევარებმა მონაწილეებში ტესტოსტერონის მატება ვერ აღმოაჩინეს. შესაბამისად, განსხვავებულ ქცევას მეცნიერები ჭამის შემდეგ ამინომჟავების პროფილის ცვლილებას უკავშირებენ.
ამის მიუხედავად, სებასტიან შმიდი კვებისას ნახშირწყლების მომატებაზე დასკვნებს არ ჩქარობს, რადგან უსამართლობის მიმღებლობა სიტუაციაზეა დამოკიდებული და მეცნიერები მხოლოდ კვებისა და ქცევის ურთიერთკავშირის დადგენაზე შეჩერდნენ.
კომენტარები